თენგიზ ცერცვაძე: ჩვენი უსახლკარობა და სხვის ტერიტორიაზე და შენობაში ყოფნა ძალიან გაჭიანურდა, მდგმურად ყოფნა ძალიან ცუდია

10 მაისს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა  განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი მათთვის შეპირებული შენობის გამოყოფაზე საუბრობდნენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. აღნიშნულ საკითხზე, დღეს ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ მაუწყებელთანაც ისაუბრა.

„ჩვენი თხოვნა და ასე ვთქვათ, პრეტენზია, რომელიც პოსტში გამოვთქვით, ორი ნაწილისგან შედგებოდა. ჩვენი შეწუხების ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი უსახლკარობა და სხვის ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში ყოფნა ძალიან გაჭიანურდა, რაც ძალიან დისკომფორტულია.

თქვენ იცით, მდგმურად ყოფნა რამდენად ცუდია და მაღალტექნოლოგიური კლინიკისთვის მდგმურად ყოფნა საერთოდ ძალიან ძნელია. მეორე ის იყო, რომ არ ვიყავით ინფორმირებული, თუ რა გზით აპირებენ ამ საკითხის გადაჭრას, ანუ რა ვარიანტები განიხილება. ამაზე ამომწურავი და კარგი ინფორმაცია მივიღეთ. ის, რისიც გვეშინოდა, რომ საკითხი ახალი შენობის ასაშენებლად გადაწყდებოდა, როგორც შეგვპირდნენ, უარყოფილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

იმიტომ, რომ ახლა რომ ახალი შენობის მშენებლობა დაიწყონ, თქვენ წარმოიდგინეთ, ამას თუ მეტი არა, სულ ცოტა, სამი წელიწადი მაინც დასჭირდება, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს გაცნობიერებული აქვს სამინისტროს, ქვეყნის ხელმძღვანელობას და მშენებლობა უბრალოდ, სარეზერვო ვარიანტად განიხილება, თორემ ლაპარაკია სახელმწიფოს მიერ უკვე არსებული რომელიმე შენობის შესყიდვაზე და ჩვენთვის გადმოცემაზე. როგორც გვითხრეს, ამჟამად, საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რომელი შენობა შეისყიდონ და რომელი გადმოგვცენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს პირველ არხს 8 მაისს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არ არის ცნობილი, ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მისივე თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობის ბედი თვის ბოლომდე გაირკვევა. ამ საკითხზე  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა 10 მაისს განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

„როგორც ცნობილია, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიჰყიდა შპს „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით, რომ ცენტრს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და დღემდე ცენტრი რჩება ძველ ტერიტორიაზე, 2009 წლამდე დაკავებული შენობა-ნაგებობების ნაწილში (მეორე ნაწილი შპს „ავერსი-ფარმამ“ წაიღო), რომელიც 2019 წლის 1-ელ ივლისამდე იჯარით ჰქონდა აღებული და საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში.

ა.წ. 8 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არაა ცნობილი, ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მსგავსი განცხადებები მეათე წელია, კეთდება, მაგრამ უშედეგოდ.

სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს არც შენობასთან დაკავშირებით და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ვახერხებთ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად