თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა

“თუ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე და მხოლოდ წლის ბოლოს მივაღწევთ თავისუფლებას ეკონომიკაში, ეს არის შორს და მანამდე ხალხს გაუჭირდება. გასაგებია, ეს ცუდია, მაგრამ ვინმემ უკეთესი რამე იცის? ვინმეს აქვს უკეთესი გამოსავალი?”

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და განმარტა, რომ კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს.

მისივე თქმით, საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის.

„აზერბაიჯანი არ დაელოდა „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ცალსახა მოთხოვნა აქვს და გაიკეთა ჩინური ვაქცინა, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები და პირველ რიგში, ჩვენი ოპონენტები, ხმამაღლა აცხადებდნენ, არ გაბედოთ და ჩინური ვაქცინის შემოტანა. ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია, მან გაიკეთა ჩინური ვაქცინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, იმოქმედა თუ არა ოპოზიციის კრიტიკამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით, ცერცვაძემ განაცხადა, რომ გარკვეულწილად, შესაძლებელია ამანაც იმოქმედა.

„ჩვენ რომ დაგვეწყო ჩინური ვაქცინით აცრა, მაშინ რა რეაქცია იქნებოდა? მაშინ გვეტყოდნენ, რომ ხალხის ბედი არ ანაღვლებს მთავრობას და ჩინური, შეუმოწმებელი, არასანდო და შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინაცია დაიწყესო. შეიძლება ჩვენ გამოგვეყენებინა ჩინური ვაქცინა და ის ძალიან კარგი ყოფილიყო. ჩემი პირადი განცდაა, რომ ის ცუდი არ იქნება, მარამ ეს ჩემი პირადი განცდაა და ამის არგუმენტები და დოკუმენტები არ მაქვს. კვლევის შედეგები არ მაქვს. შესაძლოა, ის კარგი აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის არჩეული გზა იქნება სწორი და ის დარჩება მოგებული და ჩვენ დავრჩებით წაგებული, მაგრამ შეიძლება ჩინური ვაქცინა აღმოჩნდეს არასანდო ან ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. მაშინ ნახეთ კრიტიკის რა ქარცეცხლი დაატყდება აზერბაიჯანს და მის მთავრობას. მაშინ აღმოჩნდება, რომ ჩვენი პოზიცია, რომელიც უფრო ფრთხილი იყო, სწორი ყოფილა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად