თენგიზ ცერცვაძე: ბატონო რევაზ! რაც შეეხება “რეგვენებს”, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) გადაწყვეტილება „Solidarity” კვლევაში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) დაბრუნების თაობაზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს:

რამდენადაც საქართველო მონაწილობს „Solidarity“ კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში პლაქვენილს წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა. 

ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ „Lancet“-ს გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზე და ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა.

პარალელურად ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) „Solidarity“ კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

ამავე პერიოდში დარგის მსოფლიო ლიდერმა – აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ინსტიტუტმა (NIH/NIAID) პროფესორ Anthony Fauci-ის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი მასშტაბური კვლევა მსუბუქი/საშუალო სიმძიმის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებაზე დაავადების დამძიმებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის. 

პარალელურად აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელდება მასშტაბური კვლევები COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლის თემაზე.

აშშ პრეზიდენტი ბ-ნი Trump, რომელმაც თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას COVID-19-ით პაციენტებში, აცხადებს, რომ პირადად იღებს ამ მედიკამენტს COVID-19-ის პროფილაქტიკისათვის.

მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით – „ცნობა პლაქვენილის გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა“. 

და იქვე, პასუხს სცემს საფრანგეთში მომუშავე ექიმს, რევაზ ბოჭორიშვილს:

აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ – აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.

ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში – 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად