თენგიზ შერგელაშვილი: კალაძეს ერთი შანსი აქვს, მიბაძოს გახარიას და თვითონ დაასწროს, ვიდრე იმ მუშაკის უკან მდგომი სასხლეტს გამოკრავს

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ინფრასტრუქტური მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურ მდივანს, თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს.

“ქვეყნის გულშემატკივრის უფასო რჩევა კალაძეს:
ოქტომბრის არჩევნებზე „მესამე ძალაზე“ პრეტენზიის მქონე პარტიებმა ჩააფლავეს ოცნების ერთპარტიული მმართველობის ისევ ოცნებისვე კოალიციურ მმართველობად გარდაქმნის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ეს გააკეთეს იმით, რომ მთლაინად ჩაჯდნენ ნაცურ ნარატივში პოლიტიკურად (მხოლოდ მიშას თამადობით შექმნილი კოალიციის დაშვებით) და თემატურ-დარგობრივად, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად ნაცური ნარატივის გადამღერება იყო. მათ რომ ამოცანად დაესახათ არა „ნაცების“ კოალიციის მოსვლა არამედ „ოცნების“ მმართველობის კოალიციურად გარდაქმნა და შესაბამისად, კამპანიის ამაზე აწყობა შეიძლება ეს შედეგი დამდგარიყო კიდეც. პოსტსაარჩევნო პერიპეტიებში კი მთლიანად შეეზარდნენ ნაცურ პოლუსს.
ოცნების შიგნით რეაქციული ძალების მომძლავრების ფონზე ოდიოზურ გადაწყვეტილებებს და გახარიას მოსალოდნელ გარიყვას დაასწრო თავად გახარიამ და შეინარჩუნა პოლიტიკური პერსპექტივა.
სხვათაშორის და მიუხედავდ იმისა, რომ 2013-2014 წლებში „ნაცების კადრების“ სხვადასხვა სტრუქტურებში (შსს, აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი, სასამართლო, სამინისტროები, მუნიციპალიტეტები და ა.შ.) გამოყენების მთავარი ლობისტი და გარანტორი სწორედ ღარიბაშვილის ჯგუფი იყო, მისი იმიჯი სწორედ „ანტინაცურ“ ნარატივს ეფუძნება. წინა პრემიერობისას კოალიცია და თავად ბიძინა გარკვეულ ჩარჩოებს თუ უქმნიდა, ამჟამად ფაქტობრივად „ბექსტოპერის“ გარეშე დარჩენილი ღარიბაშვილის ოდიოზურობამ ძალიან მალე შეიძლება ოცნება პოლიტიკურ კრახამდე მიიყვანის. ოპოზიციის პოსტსაარჩევნო ქმედებებით მოსალოდნელი მარგინალიზაცია სწორედ ღარიბაშვილის ფაქტორმა შესაძლოა, არა ოპოზიციის არამედ ოცნების კრახად აქციოს, მათ შორის საერთაშორისო კონტექსტში. ამას ჩაყვება ოცნების ყველა ფრთა, მათ შორის კალაძეც.
კალაძეს აქვს პოლიტიკური პერსპექტივის სურვილები, ამიტომ ოცნების ჩაძირვის პროცესის დაწყებისას მისი გაქცევის შანსი სულ უფრო გაიზრდება და შესაბამისად სამართალდამცავების მხრდიან სულ უფრო მეტად იქნება „მუშკაზე“ ამოყვანილი მისი საჯარო საქმიანობის ამებები.
კალაძეს ერთი შანსი აქვს, მიბაძოს გახარიას და თვითონ დაასწროს, ვიდრე იმ მუშაკის უკან მდგომი სასხლეტს გამოკრავს. როგორ? გაემიჯნოს კობახიძეს, მის ჯგუფს და ღარიბაშვილს. მოულოდნელად განაცხადოს, რომ გადის უმრავლესობიდან და ქმნის პარტიას, უმრავლესობაში ალბათ მოიძებნება მისი ერთგული მინიმუმ 14 კაცი, რაც უმრავლესობის დასაშლელად საკმარისია და ოცნება აიძულოს მასთან შექმნას მმართველი კოალიცია ახალი პრემიერით და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება. თან ამ ყველაფერს სოუსად მოიუდოს „ნაცების დაბრუნების“ აღკვეთა და თავსგასული „ოცნების“ კოალიციით შებოჭვის იდეა. ამ პირობებში შესაძლებელია, რომ ოპოზიციური დეპუტაციაც შევიდეს და საპარლამენტო მოდელისთვის დამახასიათებელ კოალიციურობებისკენაც გადავდგათ მყარი ნაბიჯები. ეს არაა საუკეთესო სცენარი ქვეყნისთვის, მაგრამ ეხლა ყველაზე რეალისტურია, იქამდე სანამ მართლა ახალი ტიპის პოლიტიკური მოთამაშე არ გამოჩნდება ოცნების კიდევ უფრო შესავიწროვებლად მმართველ კოალიციაში და არა ერთპიროვნული ძალაუფლების სხვა ერთპიროვნულით შეცვლის სურვილებით”, – წერს თენგიზ შერგელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...