თემო გოცაძის ღია წერილი ხელისუფლებას: საეკლესიო ექსპონატები აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამუზეუმო სივრცეში

საქართველოს დამსახურებული მხატვარი თემო გოცაძე საქართველის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს.

“ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას!

საქართველოს რელიგიური სიწმინდეები, უნიკალური ხატები, სარიტუალო ატრიბუტიკა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა, რომელსაც განსაკუთრებული სიფრთხილით ვიცავთ საქართველოს სამუზეუმო კოლექციებში.

რელიგიური დანიშნულების თითოეული სამუზეუმო ექსპონატი, თანაბრად ხელმისაწვდომია როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის. სწორედ მუზეუმიდან იწყება ქვეყნის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის აღქმა, სწორედ მუზეუმებია ის განძსაცავები, რომელიც თაობიდან თაობას გადასცემს ჩვენი ქვეყნის იდენტობას, ისტორიას, კულტურას. სწორედ მუზეუმია ის ადგილი, რომლის წიაღშიც იზრდება და ყალიბდება თანამედროვე ქართული სამოქალაქო საზოგადოება.

დღეს, როცა სახელმწიფოს მხრიდან არის მზაობა და ნება იმისა, რომ დაიწყოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მუზეუმის კოლექციების დროებით და სამომავლო განთავსების საკითხს.

წლების მანძილზე არაერთხელ იყო წამოჭრილი საკითხი ანჩის ხატის მუზეუმიდან მისივე სახელობის ტაძარში გადატანასთან დაკავშირებით. პატივს ვცემ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ითხოვს ხატის გატანას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საზოგადოება, დიდი სიფრთხილით მოეკიდება ამ სენსიტიურ თემას და იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის სასიკეთოდ.
სამუზეუმო კოლექციების დაშლა დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის სამუზეუმო სივრცეს, რასაც შესაძლებელია მოყვეს ჯაჭვური რეაქცია და კოლექციების თანდათან გადინება მუზეუმებიდან.

ჩვენი და მომავალი თაობები არ გვაპატიებენ დიდი წინაპრების ღვაწლის დაუფასებლობას! საეკლესიო ექსპონატები აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამუზეუმო სივრცეში, სადაც მათთვის შექმნილია დაცვის სპეციალური მექანიზმები.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება იმოქმედებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას!

ღრმა პატივისცემით,
საქართველოს სახალხო მხატვარი
თემო გოცაძე

4 აგვისტო, 2021 წელი”

კომენტარები
იტვირთება...