თემო გოცაძე: დიახ, მარი ღმერთის საჩუქარი იყო ჩემთვის… ამბავი დიდ და მარადიულ სიყვარულზე (ვიდეო)

საოცარ ხელოვანთა პლეადა, დიდი ქარტეხილები, ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, პროტესტი, ბოჰემური ცხოვრება, სამხატვრო აკადემია, ქუჩის აკადემია, ნამდვილი რუსთაველის გამზირი, „ლურჯა ცხენები“… და ცხოვრების ყველაზე მთავარი ჯილდო – მარინა ჯანაშია

ამბავი, რომელიც დღეს ჩვენს რუბრიკაში “ამბები ადამიანებზე” უნდა გიამბოთ,  გახლავთ ისტორია ორი დიდი ხელოვანის  დიდ და მარადიულ სიყვარულზე… და ამავდროულად, გაგრძელება თემო გოცაძის ბიოგრაფიული ჩანაწერებისა, რომლის პირველი ნაწილი “აიპრესზე” უკვე გამოქვეყნდა – ისტორიები, მხატვრის აქამდე გაუხსნელი არქივიდან (ნაწილი პირველი)

 ინტერვიუ თემოსთან, ნაწილი მეორე – მარინა, ღმერთის საჩუქარი!

(შენიშვნის სახით მინდა განგიმარტოთ, რომ ინტერვიუ ჩაწერილია მარინა ჯანაშიას გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე…)

ბატონო თემო, ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს მინდა შევეხო – მარინას, ყველასთვის უსაყვარლეს მსახიობს და ადამიანს და ყველა კაცისთვის სასურველ ქალს. იყო თუ არა მარინა თქვენთვის ღმერთის საჩუქარი?

დიახ, იყო… ყოველი შემთხვევისთვის, ამ საჩუქრისთვს მე ბევრი ვიომე.  მარი კიდე სხვა რამე არის. მარი ფაქტიურად იყო ჩემი გარადჩენა..  იმიტომ რომ ძალიან აშლილი, არეული ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ნამუშევრები დავწვი, როცა დილიდან საღამომდე ვსვამდი, როცა გადაბმული ვიყავი ვიღაცეებზე და რას არ ვაკეთებდი. ესე იგი, მარის გამოჩენამ საზღვარი დაუდგა რაღაცეებს. მასაც რომ ჰკითხოთ, ძალიან ძნელი იყო მისთვისაც, იმიტომ რომ მე ვიყავი თავშეუკავებელი. სულიერი საზღვრის მიღმა ვიყავი, იმიტომ რომ ყველაფერი ნებადართულლი იყო მაშინ ჩემთვის, არაფერი ფასეული არ იყო უკვე, რადგან იმ ნაბიჯს გადავაბიჯე, რასაც ვაკეთებდი ის გავანადგურე და მერე უკვე ყველაფერმა დაკარგა აზრი.

სად შეხვდით მარინას? როგორ გაიცანით?

მარინა პირველად აღმოვაჩინე, მიშა თუმანიშვილის „ანტიგონეში“, სადაც ის  სერგო ზაქარიაძის მდივნის როლში გამოდიოდა. ეს ჩემთვის იყო დიდი მსახიობის აღმოჩენა. მე მაქვს ნათქვამი ფრაზა – მე რომ ერთი ნამუშევარი მაინც გამეკეთებინა იმ დონის, რა დონისაც მარინას შესრულებულის მარტირიო იყო,  ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა ამ ქვეყანაზე.

რა ემოცია გქონდათ, რომელიც ვერ გადმოეცით ტილოზე?

ემოცია ნამუშევარში გადმოვეცი, მაგრამ შემდეგ დავხიე! რადგან მარინამ ჩათვალა,  რომ ის არ იყო. როგორც თვითონ ამბობს, ისეთი თვალით ვიყავი დანახული, შემეშინდაო. ხანდახან ვუბრუნდები მარინას სახეს და თითქმის ხუთწლეულში ერთხელ..

როგორია მარინა როგორც ქალი, დღეს მითხარით  ქალი ოჯახში მთავარი საყრდენიაო…

ყველაფრის საყრდენია ქალი ოჯახში. ჯერ ერთი, ქალი თუ არ არის ოჯახში, ოჯახისკენ გული არ მიგდის. თუ ოჯახისკენ გული არ მიგდის, შვილისკენაც გული არ მიგდის და არც არავისკენ საერთოდ. მითუმეტეს, ისეთი პროფესიის კაცს, როგორიც მე ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება გარეთ ვიყავი, სახლში არ შემოვსულვარ საერთოდ. დედაჩემი რომ მეჩხუბებოდა  ვეუბნებოდი, მაცალე თავისუფლება-თქო. მერე ვინანე, რა თქმა უნდა, მაგრამ რას იზამ. ესე იგი, მარინა იყო ის ადამიანი, ვის გამოც მე სახლში მეჩქარებოდა. ვნერვიულობდი, ვეჭვიანობდი, მქონდა ასეთი პერიოდიც. ჩვენ გვიშველა ერთმა სიტუაციამ, ჩვენ ვართ სხვადასხვა დროში მაცხოვრებელი ადამიანები. მე ვარ ტოროლა, დილას ადრე ვიღვიძებ. სახლიდან სამსახურში რომ მივდიოდი, მარინას ეძინა. ან არ ეძინა, გამამზადებდა და გამიშვებდა. მერე სადღაც 11-ის ნახევრამდე თავისუფალი იყო. წავიდოდა თეატრში, სადაც რეპეტიცია ეწყებოდა. ორი საათისთვის მოდიოდა სახლში  და  5 საათზე ბრუნდებოდა თეატრში, სპექტაკლში სათამაშოდ.

სახლში  ღამით, დაახლოეით 11-ის ნახევარზე მოდიოდა. მე კი სახლში 6 საათზე  მოვდიოდი. ამიტომ ჩვენი უთიერთობა პანდემიური არ იყო, დილიდან საღამომდე ურთიერთობა არ გვქონდა და ამიტომაც იყო ნერვიულობა, ეჭვიანობა, რამაც ზოგჯერ გაამძაფრა ურთიერთობა, ზოგჯერ პირიქით. შემდეგ იყო გასტროლები.. ხან მექსიკაში იყო, ხან მოსკოვში, ხან გერმანიაში. ასე რომ ჩვენი შეხვედრები დღის განმავლობაში 2 საათს არ ცილდებოდა.

ეჭვიანობდით, მაგრამ ხელს არ უშლიდით?

ხელს ვერც შევუშლიდი, იმიტომ რომ მოტრიალდებოდა  და თავისას მაინც გააკეთებდა. სჯეროდა იმის, რასაც აკეთებდა, ისევე როგორც მე მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი.

უყვარდა რასაც აკეთებდა, ბოლომდე იხარჯებოდა და ამიტომაც უყვარს ხალხს ასე თავდავიწყებით…

უყვარდა რომელია, შეწირული იყო ამ საქმისთვის. მიშა თუმანიშვილმა მოახერხა, რომ ეს ხალხი დააავადმყოფა თეატრით.  როგორც რუსები იტყვიან „ანგელ ნებესნაია“, ასეთი იყო ჩემთვის მარინას აღმოჩენა.

მარინასთვის ბევრი ვიომეო თქვით… ვის ეომეთ? ძლიერი მეტოქე გყავდათ?

უძლიერესი! თავად მარი! მასთან ვიომე ბევრი, იმიტო რომ ბევრი რაღაცის მოტეხვა დამჭირდა, ასევე მასაც დასჭირდა ბევრი რაღაცის ატანა ჩემგან, განსაკუთრებით პირველ პერიოდში. თითქმის შეუთავსებლები ვიყავით. სხვადასხვა რიტმში ვიყავით. მერე ნელა-ნელა ეს დალაგდა. რაღაცაში გადაიზარდა. მე მაგალითად არ მახსოვს, მისი სპექტაკლი არ გაგვერჩია. ჩემი აზრი ბოლომდე არ გამომეთქვას. არ მახსოვს, ჩემს ახალ ნამუშევარზე მას თავისი აზრი არ გამოეთქვა გულწრფელად. ამ ყველაფერმა შეავსო და აუცილებელი  გახადა ჩვენი არსებობა ერთმანეთთან. აქედან შეიქმნა ტანდემი, ვეხმარებოდით ერთმანეთს შემოქმედებაში. ასე რომ მარინა არის ჩემი შემოქმედების მთავარი წყარო.

და თქვენი ცხოვრების მთავარი სიყვარული…

ცხადია, ჩემი ცხოვრების მთავარი თემა გახლავთ.

ყველაზე ლამაზად შესრულებული ნახატიც სწორედ მისი პორტრეტია, ჩემი აზრით…

გრძნობა ისეთი რამეა რომ ვერ იტყვი.იმ პორტრეტს როგორ ვქმნიდი ვერ ვამბობ, მაგრამ ის პორტრეტი როგორი იყო იცი? რომ დადგებოდი ემოციები აგიტანდა. მაგრამ მას არ მოეწონა…

არა შეეშინდა… მაგრამ მე ჩავთვალე, რომ დამიწუნა და დავხიე იმ წუთშივე. მაგან ტირილი დაიწყო ამაზე, ისტერიკა მოუვიდა.

თვითონ არ ეჭვიანობდა თქვენზე, ძალიან პოლულარული ადამიანი იყავით ყოველთვის?

ეჭვიანობდა  ვიღაცეებზე, როგორ არა…

ახლა რომ შეგეძლოთ, თქვენს ურთიერთობაში, სად დაბრუნდებოდით?

ისევ იქ, სადაც ვარ. თავიდენ დავიწყებდი იგივეს.

ძალიან ბევრი იყო მაშინ ქალბატონ მარინაზე შეყვარებული, არ გაგიჭირდათ მისი გულის მონადირება?

 

ყოველ შემთხვევაში, ვიცოდი ვის მოწონდა და ვის არა. სერიოზულად არ ვიღებდი ამ სიტუაციებს, ისევ მისგან გამომდინარე.  თვითონ ისეთი ადამიანია, რომ იმას რაც არ ეკადრება, ვერ გაუბედავ.

რა ისწავლეთ მარინასგან?

რომ პირდაპირ შუბლში არ მივახალო ადამიანებს ის, რასაც ვფიქობ.  იმიტომ რომ ეს ყოველთვის იწვევს ძალიან საწინააღმდეგო რეაქციას. ეტყობა, ასეთი გამოხატვის ფორმა მიუღებელია მისთვის. იმიტომ, რომ ხმამაღლა ლაპარაკი ყვირილად შეიძლება აღიქვას. ასე თუ ისე, ჩვენ მოვახერხეთ ერთმანეთთან ურთიერთობა.

როგორც ამბობენ, არ არის ადვილი ორი ხელოვანი ადამიანის ურთიერთობა…

ძნელია ძალიან, მაგრამ მოვახერხეთ ურთიერთობა ისე, რომ არცერთს ინდივიდუალობა არ დაგვიკარგავს და არცერთს ერთმანეთის ინდივიდუალობა არ დაგვითრგუნია.

მართალია, ამ ბოლო დროს მიშლიან ხელს, მაგრამ რა ვქნა.

ვინ გიშლით ხელს? არ მჯერა, რომ ვინმეს ეს შეუძლია!

ვინ მიშლის და პირველ რიგში მარინა. ხარაჩოზე ვეღარ ახვალო. მოხატვა მინდა კედლის და არ მიშვებენ, საშიშიაო.

გარეგნულად იმდენად მშვიდი და ნაზია. ოჯახური საკითხების გადაწყვეტაშიც ასეთივეა თუ პირიქით, ძალიან პრინციპული?

ყველაფერს თვითონ გეგმავს. მე გაგებაში არ ვარ არაფრის. საათივით აწყობილი ჰქონდა ყოველთვის ყველაფერი. ურთიერთობებიც აწყობილი ჰქონდა ყველასთთან. ჩემს სანათესაოსთანაც. მარის მისვლა უფრო უხაროდათ, ვიდრე ჩემი!

ნამდვილი ქალია! ყოველთვის იწვევდა ძალიან ბევრ რეაქციას, მაგრამ  თვითონ ისეთნაირად აღიქვამდა ამას, რომ არ გაგრძნობინებდა. მე არ მაგრძნობინებდა ყოველ შემთხვევაში არასოდეს.

ერთი სიტყვით, რომ შევაფასოთ ეს ყველაფერი, მარინას უკავშირდება თქვენი მოქცევა.

ჩემი მოქცევა, მობრუნება გაცნობიერებული ცხოვებისაკენ მარინას უკავშირდება. ოჯახში ქალი არასდროს ავად არ უნდა ხდებოდეს და ოჯახიდან ქალი პირველი არ უნდა მიდიოდეს, არასოდეს, იმიტომ რომ სადაც ქალი პირველი წავიდა, ის ოჯახი დაინგრა. მამაჩემის ოჯახი დედაჩემმა შეინარჩუნა. 48 წლის იყო, როდესაც მამა გარდაიცვალა და 87 წლამდე იცხოვრა. ჩვენ ფეხზე დაგვაყენა და მოახერხა ისე, რომ ოჯახი ოჯახი ყოფილიყო.

კომენტარები
იტვირთება...