თემო გოცაძე 80 წლისაა! – ისტორიები, მხატვრის აქამდე გაუხსნელი არქივიდან (ნაწილი პირველი)

საოცარ ხელოვანთა პლეადა, დიდი ქარტეხილები, ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, პროტესტი, ბოჰემური ცხოვრება, სამხატვრო აკადემია, ქუჩის აკადემია, ნამდვილი რუსთაველის გამზირი და „ლურჯა ცხენები“…

ამ ყველაფერს, პირობითად დავარქვით თემო გოცაძის ანუ „ლურჯა ცხენების“ პერიოდი და გადავწყვიტეთ მოგიყვეთ თქვენ შეულამაზებლად და „დაუვარცხნელად“… ზუსტად ისე, როგორც იყო…
ჩვენი მემატიანე ცნობილი ქართველი ფერმწერი, თემო გოცაძეა. ინტერვიუ მომზადდა მხატვრის 80 წლის იუბილისთვის…

სტატიის ავტორი: თამარ ლეფსვერიძე; ფოტოები: სულხან ნამიჭეიშვილი

თავი პირველი: ომი და ბავშვობა, სადაც თამაშის საშუალებაც არ იყო

როგორც მხატვარი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, მისი ბავშვობა, ომის პერიოდს დაემთხვა.

 თემო გოცაძე: სამი თვის ვიყავი, როდესაც მამა ჯარში წაიყვანეს. დავრჩით ორი ძმა და დედა. ამ დროს დედა მუშაობდა. ძმა ჩემზე 8 წლით უფროსი იყო. რეალურად გავიზარდე ბებიასთან და ბაბუასთან. დედა ქალაქის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი იყო. ბაბუამ და ბებიამ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე სახლის მშენებლობა დაიწყეს. ამ დროს,უკვე 2-3 წლის ვარ.

 გახსოვთ ის გარემო, რომელიც იმ პერიოდში თქვენს გარშემო იყო? ამბობენ, ომის პერიოდში სულ სხვანაირად იზრდებიან ბავშვებიო…

 გარემო იყო აბსოლუტურად ცარიელი. წარმოიდგინეთ, არაფერი არ არის, არავინ არ არის, თამაშის საშუალებაც არ იყო. მახსოვს, რომ ამან განაპირობა ჩემი დაკავება ხატვით. ჩემთვის რაღაცეებს ვხატავდი. ასე გაგრძელდა სადღაც 1949 წლამდე. მამა 1947-ში დაბრუნდა, მაგრამ 1949-მდე ფოთში იყო, გამწესებული. ფოთიც მახსოვს ცოტათი.. ცურვა იქ ვისწავლე. მამაჩემმა  პირდაპირ ჩამაგდო წყალში, გაანძრიე ხელები, თუ არადა დაიხრჩობიო.

მამის ჩამოსვლის შემდეგ იწყება ჩემი სერიოზული დაინტერესება ხატვით.  მამა ექიმი გახლდათ. ომში წასვლამდე პათ-ანატომიის კათედრაზე მუშაობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გვამებზე, კუნთოვან, ნერვულ სისტემებზე უწევდა მუშაობა. მაშინ ნათიშვილი იყო  კათედრის გამგე, ხოლო მალაევი გახლდათ პროფესორი,  მამაჩემი  კი მალაევის ასისტენტი იყო. ითვლებოდა ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა კაცად. თავის სადისერტაციო ნაშრომებში ჩართული ჰქონდა პათოლოგიური კუნთოვანი სისტემების  ნახატები, რომლებსაც თავად ხატავდა. ფერად ფანქარში იყო სულ შესრულებული.  მახსოვს ამ მასალებიდან  ფრაგმენტებს ვხატავდი. მაშინ 4-5 წლის ვიყავი. 1449-ში მესამე ძმაც დაიბადა და უკვე სამი კაცის მოვლა იყო საჭირი. ამიტომ ორივე მშობელი მუშაობდა. იმ პერიოდში დედა უკვე იმდენად წარმატებული იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროში, 50-იან წლებში   სამმართველოს უფროსად მუშაობდა….

 როგორც ვხვდები, მამა კარგად ხატავდა, ის ხომ არ იყო თქვენი პირველი მასწავლებელი?

 მამაჩემი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო.  ურთულესი სკოლა გაიარა ლენინგრადის ბლოკადაში, სადაც  სამხედრო ქირურგი იყო ფაქტიურად. თვითონ არ უყვარდა მოყოლა არაფრის.  სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, რუსეთმა გამოაქვეყნა წითელი ვარსკვალის ორდენის კავალერი ექიმების ვინაობა და მათი ბიოგრაფია. ჩემმა ძმისშვილმა მოძებნა მამაჩემის ბიოგრაფია. ორი ათასზე მეტი  ურთულესი ოპერაცია ჰქონია  ჩატარებული და  რომ დაბრუნებული, უკვე  ჩამოყალიბებული  ზოგადი ქირურგი იყო.

სანამ ძმა სკოლიდან დაბრუნდებოდა სახლში მარტო მიწევდა დარჩენა, ამიტომ მამა მიტოვებდა დავალებებს. რვეულში დახატავდა მაგალითად ქათამს, ურემს, ხარს. ჩანახატები ცალ-ცალკე უნდა გამეკეთებინა და მერე ერთიან კომპოზიციაში შემეკრა, ანუ  დეტალებიდან უნდა ამეგო სიუჟეტი, ან სურათი.  სკოლაში ჯერ არ დავდიოდი, რადგან ტიფი გადავიტანე. ეს ხდებოდა კალინინზე, სამსართულიან დიდ სახლში, ძველ თბილისურ ეზოში.

ხატვის მეტი არაფერი მაინტერესებდა. გავიდა წლები. მამას დამსახურებულ პენსიაზე უნდოდა გასვლა და გადაწყვიტა უფროსი ვაჟი მეტალურგი გამოსულიყო, მისი აზრით მე აგრონომი უნდა გამოვსულიყავი, უმცროსის კი ქირურგობისთვის ამზადებდა. პატარა თავად გაზარდა. როცა დაიბადა, მიიკრა გულში და  მის მეტი მამისთვის არავინ არსებობდა. ომის შემდგომი მდგომარეობიდან სწორედ ჩემმა უმცროსმა ძმამ გამოიყვანა. დედა კი დილიდან გვიან საღამომდე სამსახურში იყო..

 გამოდის, რომ  საკუთარი თავი თავად გამოზარდეთ?

 რეალურად ასეა ალბათ, მაგრამ არა მარტო ჩვენ, რადგან ჩვენს დროს ქუჩა ქუჩა იყო, უბანი უბანი. ეს არის პერიოდი, როდესაც ვაკის პარკი შენდებოდა. იყო დიდი, მოშიშვლებული ადგილი, სადაც დოღები ტარდებოდა ხოლმე.

თავი მეორე: დოღი ვაკის პარკში, ქუჩა, უბანი და ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის…

 

როგორც თემო გოცაძე გვიყვება, ვაკის პარკში გამართულ დოღზე მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ მონაწილეები. კუს ტბიდან ცხენებით ეშვებოდნენ და ძალიან კარგი სანახაობა იყო. იყო სხვა თბილისი, სხვა ქუჩა და სხვა ეპოქა…

თემო გოცაძე: მეგრელები ცხენებზე სასწაულებს ახდენდნენ. მთელი ქალაქი აქ იყრიდა თავს. მერე დაიწყო პარკის მშენებლობა, სადაც ბიძაჩემი  შალვა დიასამიძე აღმოჩნდა აგრონომი. ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. უკვე ბარნოვზე ვიყავით გადასული და მე-6 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ ამ სკოლას იპოლიტეს გიმნაზია ერქვა. ძალიან კარგი, უგანათლებულესი, ბრწყინვალე ოჯახისშვილები იყვნენ ჩემი  კლასელები. ძალიან საინტერესო კლასი იყო. სახლიდან სკოლამდე საკმაოდ დიდი გზა იყო, ქუჩები უნდა გამევლო, სადაც ბაღნები არიან, უნდა მეჩხუბა, ისე ვინ გაგატარებდა, ან შენ გცემენ ან შენ ცემ. თუ არ შეგეშინდება ხმას არ გცემენ, თუ შეგეშინდა ჩემს მტერს. ასე გაჩნდა უბანი, ქუჩა ცხოვრებაში, სადაც ფეხბურთის თამაში იყო.დავდიოდით კუს ტბაზე, სულ ბუჩქებით და გველებით იყო სავსე იქაურობა, მაგრამ  დღეში ორ- სამჯერ მაინც დავდიოდით.

მართლა სულ სხვანაირი ურთიერთობები იყო თბილისში მაშინ? ამბობენ, ჩხუბითაც კი სხვანაირად ჩხუბობდნენო. აბუქებენ თუ მართლა ასე იყო?

ოოო, ჩხუბი ბევრი მქონდა, სკოლაშიც და ქუჩაშიც, მაგრამ ბევრი ძალიან საინტერესო ამბავი ხდებოდა. აი, მაგალითად სკოლის გვერდით მრავალბინიანი სახლი იდგა და იმ სახლის იქით არაფერი აღარ იყო. კუთხეებში ჩამჯდარი იყვნენ ბიჭები, ზარს აგორებდნენ. ერთხელაც მოვდივართ ბიჭები სკოლიდან, დავადექით ვიღაცეებს თავზე, ზიან აგორებენ ზარს. ერთ-ერთმა ამოიხედა, ადგა, – თქვენ აქ რა გინდათო, ჩაგვავლო ქეჩოში  ხელი და ერთმანეთზე თავები გვატყმევინა. აქ არ დაგინახოთო, თქვენი საქმეა სკოლა და  სახლი, სახლი და სკოლაოო. წავედით რა უნდა გვექნა….

ეს იყო ციხიდან ახალი ძალიან საინტერესო პიროვნება, თავის  დროზე კარგი კალათბურთელი,  მაგრამ წაუვიდა თუმცა ის შერჩა, რომ ახალგაზრდა თაობა არ უნდა გაფუჭდეს. ყველაფერი უნდა გაააკეთო რომ ააცილო ცუდ სიტუაციას, და მისმა საქციელმა აგვაცილა მართლაც ცუდს. შიშით მე აღარ გავკარებივარ იმ ადგილს.

ანუ, თბილისი იყო ურთიერთობა…

 იყო, აბა არ იყო?! ეს ისეთი ამბავია, რომ სულში ჩამრჩა ბოლომდე. ახლა უბანი რა არის _ უბანში უბატრონოდ  კაციშვილი ხმას არ გაგცემდა. თან მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი. წარმოიდგინეთ, ბარნოვის ქუჩიდან პირველ მუსიკალურ სკოლამდე 7 წელიწადი დავდიოდი. ჩხუბები მანდ იყო, თუ იყო! ხელში გიჭირავს ნოტები და მათ თვალში ხარ სირისტიანი. მე და ვახტანგ ჭავჭანიძე ნოტების რვეულით ვართ მაგრამ, მიშიკო შენგელია „სკრიპკით“ ხელშია. სკრიპკას რომ დაინახავდნენ, ატყდებოდა წიოკი. მიშა დადებდა სკრიპკას და იწყებოდა ჩხუბი. სასწაულად ჩხუბობდა.  თავი ჰქონდა უძლიერესი. თბილისის ჟოლოპები სულ მისი ტავით იყო შეჭყლეტილი. ერთხელაც თუჯის მილი შეხვდა…

20 კაცი გვერტყა გარშემო, არავინ არ ერეოდა, ვიღაცას უნდა მოეგო, ვიღაცას უნდა  წაეგო, ასე იყო წესი. გაულახულვარ კიდეც და გამილახია კიდეც. გავაგრძელებდით გზას, ჩავიდოდით მუსიკალურში, ამოვიდოდით მუსიკალურიდან, ისევ დაგვხვდებოდნენ, ისევ იგივე ვარიანტი უნდ გაგვეკეთებინა, მერე მოვდიოდით სახლში. მაგრამ ამასობაში იყო ნაცნობობა ამ ბიჭებთან, სადღაც 1-2-3 თვის შემდეგ, ჩხუბიც აღარ იყო უკვე, გამარჯობა გაგიმარჯოთი ვხვდებოდით ერთმანეთს, რაღაცეებს ვეკითხებოდით ერთმანეთს და ნორმალური ურთიერთობა განვითარდა. მერე, რომ გავიზარდეთ,  ასე თუ ისე  ყველა საქმის კაცი იყო და ნიჭიერი გამოდგა.

თავი მესამე: ვალენტინა მასწავლებელი… „ვონ იზ კლასა“ ყველაზე ნიჭიერებისთვის…

 ყველა მოსწავლის ცხოვრებაშია მასწავლებელი, რომელთან ურთიერთობაც ზეიმივითაა, მთელი ცხოვრება გაგყვება და არასდროს გავიწყდება. ასეთი მასწავლებელი თემო გოცაძისთვის  ვალენტინა ჩხენკელი იყო.

 თემო გოცაძე: მაშინ, სკოლაში ან უნდა მიგეღო ელემენტარულად განათლება, ან უნდა ჩაწერილიყავი გარკვეულ წესრიგში. იმ წესრიგში მეც მომიწია ყოფნა და საინტერესო მასწავლებლებთან ურთიერთობა. მგალითად, ქართულში მყავდა საოცარი მასწავლებელი, თინათინ დოჭვირი. თუ რამე ლექსი ვიცი, ან  დაინტერესებული ვარ ქართული პოეზიით, ან პროზით, მისი დამსახურებაც არის. ეს ყველაფერი ხდება მე-6 საშუალო სკოლაში. იქვე ხდება ერთი ძალიან დიდი ინციდენტი ფიზიკის მასწავლებელთან. გამომიძახა დაფასთან,  ენა მებმებოდა და დამება მაშინაც, ვერაფრით ვერ გადავაბიჯე „დ“-ს. ამან მიყურა, მიყურა და  რა დდდ აგიტყდაო, დამცინა.

გამიერთიანდა თვალები ერთ წერტილში. გავფრენილვარ და პირდაპირ თავი მიგლეჯია, გავატანიე კარები. ამ დროს კარების უკან მდგარა სკოლის დირექტორი იპოლიტე სურგულაძე. მოხდა ისე, რომ სკოლიდან უნდა წავსულიყავი. მომკიდეს ხელი და გადამიყვანეს პირველ საშუალო სკოლაში. აქ იწყება ფაქტობრივად ძალიან საინტერესო რამ ჩემს ცხოვრებაში. ჯერერთი, იყო საოცარი კლასი, რომელშიც ძალიან საინტერესო ადამიანები სწავლობდნენ.

რუსულს მიკითხავდა ჩემი მუსისკის მასწავლებლის დედა, ვალენტინა ჩხენკელი. ამ ქალს კვირაში სამჯერ სახლში ვხედავდი, რადგან  კარს ის მიღებდა და ასე თუ ისე მიცნობდა. ორი-სამი გაკვეთილი მაცალა და მერე უცებ, ერთ მშვენიერ დღეს შემოვიდა კლასში და თქვა: გოცაძე, მრევლიშვილი (სანდრო მრევლიშვილზეა საუბარი. ავტ) „ვონ იზ კლასა“. ავდექით ავიწურეთ, არ ვიცით მიზეზი, ვერ გაუბედავდი ვერაფერს, ისეთი ქალი იყო. მერე უცებ გაგვაჩერა, – „ვერნიტეს აბრატნა, ზაბერიტე ტო,  ჩემ ვი ბილი ზანეტი, ი ვონ იზ კლასაო“.

ესეიგი, წაიღეთო ის რითაც იყავითო დაკავებული გაკვეთილზე და გადითო გარეთ.

ასეთს რას აკეთებდით? რით იყავით დაკავებულები?

 მაგაშია საქმე, რითი ვიყავით დაკავებულები: ან აკრძალულ წიგნებს ვკითხულობდით, ან ვხატავდი ჩემს რვეულში, ჩანახატებს ვაკეთებდი სულ. მოკლედ, დღეში  ორი საათი ვიყავით ჩვენს თავთან და იმას ვაკეთებდით, რაც გვინდოდა. ვალენტინამ მოგვცა საშუალება, ყოველდღე 2 საათი საკუთარი თავით ვყოფილიყავით დაკავებულები, მაგრამ ეს აბსოლუტურად  არ მოქმედებდა სწავლაზე.

რომ გამოგვიძახებდა, არავისზე ნაკლები რუსული არ ვიცოდით და არავისზე ნაკლებად არ ვმეცადინეობდით. რადგან ის მაძლევდა საშუალებას ჩემი საქმე მეკეთებინა, მე არ ვაძლებდი თავს იმის უფლებას, რომ მის წინაშე ვყოფილიყავი უპასუხისმგებლო.

დავამთავრეთ სკოლა, ვიცეკვეთ ვალენტინასთან ვალსი და დავიშალეთ. მე აკადემიაში ვსწავლობდი 6 წელი, სანდრომ თბილისში ჩააბარა მაგრამ, მერე გადავიდა ლენინგრადში, 5 წელი იქ იყო. მოკლედ, დაბრუნდა სანდრო და ერთ მშვენიერ დღეს რუსთაველის პროსპექტზე შევიკრიბეთ. იქ ვიკრიბებოდით ხოლმე ყველა. უცებ გაჩნდა იდეა, ვალენტინა მასწავლებელი ხომ არ გვენახაო. თქმა და შესრულება ერთი იყო. რომ მივედით, კარი გააღო ძალიან მოხუცმა ქალმა, დიდხანს გვიყურა და გვითხრა: „კაკ მნოგა პანადობილას ვამ დლია ტავო, შტობი პანიატ  კემ ია ბილა დლია ვას“.  ესეიგი, რომ გაგვახსენდა, გაუხარდა, მაგრამ რამდენი დრო დაგჭირდათ  იმისთვის, რომ გეგრძნოთ, მე რა ვიყავიო თქვენთვის.  ასეთი ბევრი ისტორია მაქვს.

თავი მეოთხე: ქუჩის აკადემიიდან  სამხატვრო აკადემიამდე…

 სამხატვრო აკადემიასთან, გამოცდაზე, ფიზკულტურის მასწავლებელი ელოდებოდა. ვახტანგ მარსაგიშვილს თემო გოცაძე იხსენებს როგორც უაღრესად ეროვნულ ადამიანს, რომელიც ახალგაზრდების პირველი გულშემატკივარი და ხელისშემწყობი იყო….

 თემო გოცაძე:  მყავდა ფიზკულტურის მასწავლებელი ვახტანგ მარსაგიშვილი. ეს იყო ტანმოვარჯიშეების კლუბ  „შევარდენის“  წევრი. სხვათა შორის, ეს იყო  ძალიან ცნობილი კლუბი და ვახტანგ მარსაგიშვილი თავადაც ხატავდა და მეც რომ ვხატავდი, ამაზე გიჟდებოდა. მეც,  დავდიოდი ტანვარჯიშზე, თავად მავარჯიშებდა.

გამოცდის ჩარჩო ვახტანგ მარსაგიშვილმა გამიკეთა, ტილოც მან გადაჭიმა, ფუნჯები და საღებავებიც მან მომიტანა, გამომყვა და ბოლომდე მიცდიდა გარეთ. დედა და მამა კი არ იყვნენ.. იქ, ვახტანგ მარსაგიშვილი იყო, საოცარი პიროვნება. სხვათაშორის, მისი ვაჟი, გია მარსაგიშვილი წლების წინ ხელოვნების მუზეუმის დირექტორი იყო, უგანათლებულესი ბიჭი, ირაკლი აბაშიძის სიძე. ჩემს მეხსიერებაში ორივე, მამა-შვილი, დარჩნენ, როგორც უვაჟკაცესი ადამიანები, რომლებსაც გული შესტკიოდათ ქვეყანაზე და ფიქრობდნენ ახალგაზრდობის განვითარებაზე.

მაშინდელი აკადემია სამხატვრო აკადემიის გარდა, ალბათ ცხოვრების აკადემიაც იყო…

 აკადემიაში რომ ვაპირებდი ჩაბარებას, უნდა მოვმზადებულიყავი, სხვა ვარიენტი არ არსებობდა. ათკლასდამთავრებული ვიყავი და რაც არ უნდა მეხატა, ან  როგორც არ უნდა მეხატა, პროფესიონალური სკოლა არ გამივლია. პროფესიონალური სახელოსნო მხოლოდ  ბოლო წელს, მეათე კლასში გავიარე. ჩემს კურსზე კი სწავლობნენ მხატვრები, რომლებსაც ტექნიკუმი ქონდათ დამთავრებული და უკვე ფაქტიურად მხატვრები იყვნენ.

მე კი ლაწირაკი შევედი და იქ, სადაც  28, 30 წლის ხალხი სწავლობდა. ვემზადებოდი ხიტა  ქუთათელაძესთან, აპოლონ ქუთათელაძის ვაჟთან. აპოლონი იყო აკადემიის ლექტორი. აპოლონის მეუღლე ქალბატონი ვერა ქარდავა  კი დედაჩემის კოლეგა და მეგობარი გახლდათ. ხიტა  ერთ-ერთი უძლიერესი თანამედროვე მხატვარი იყო. ჩემი პროფესიის ანბანი სწორედ ხიტასთან ვისწავლე.

ის დაზგური ფერწერის მეტრი იყო და სეზანი უნვარდა ამავდროულად. “სტანკავისტებისთვის“ ყოველი სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო დატვირთული ფერადოვანი ლაქებით. მე კი აკადემიაში ორ მეტრიან ფიგურებს ვხატავდი და ამისთვის სულ შენიშვნას მაძლევდნენ, მაგრამ არა, ორმეტრიანის დილიხორი მქონდა! სულ თავპირის მტვრევა იყო ამაზე, მაინც ვაკეთებდი!

ჯგუფში ბევრნი ვიყავით, ხიტამ ყველა  სხვადასხვა მიმდინარეობაზე გადაანაწილა. ყველაზე უმცროსს რადგან მცირე პრაქტიკის გამო კერამიკაზე ჩაბარება მირჩია. რა მნიშვნელობა აქვს, მოხვდები და მერე გადახვალ ფერწერაზეო.

უმცროსი რადგან იყავით, იჩაგრებოდით?

 არა, რას ამბობ! სულ პირიქით! ჩავაბარე კერამიკაზე და კიდევ კარგი აქ ჩავაბარე. ასეთი სიკეთე ჩემთვის არავის გაუკეთებია. მოხდა ისე, რომ მე და ჩემი მეგობარი, გივი ვაშაკიძე ერთად ვაბარებდით, დაგვაკლდა ერთი ქულა. როდესაც სერგო ქობულაძე კომპოზიცია ნახა, იკითხა, რა ნიშანია დაწერილი და აქ როგორ დაწერეთ სამიო? გოგი მესხიშვილს, მე და გივი ვაშაკიძეს სამები ხუთიანებად გადაგვიკეთეს.

მერე შეიცვალა სერგო და რექტორად დაინიშნა აპოლონ ქუთათელაძე. აპოლონმა დაგვიშვა თავისუფალ მსმენელებად და გვითხრა, თქვენ ივლით, ყვლაფერს გააკეთებთ და წლის ბოლოს დიდი გამოფენა გადაწყვიტავს ჩაირიცხებით თუ არო.  ერთი მომენტის ზახგასმა მინდა, მაშინ ჯერ არ ვიყავი სტუდენტი და თუ ვინმე ახლობელი მყავდა, ყველა ჩემზე 7-8 წლით უფროსი იყო, ყველა მგულშემატკივრობდა. ამანაც ბევრი რამ გააკეთა, იცით?

ერთ ფრაზას გეტყოდნენ და ვხვდებოდი როგორ უნდა გამეკეთებინა. ასე გაიარა ამ ერთმა წელიწადმა. პირველ მაისს გარდაიცვალა მამა, 1959 წელია… მახსოვს, პანაშვიდზე მოვიდა აპოლონ ქუთათელაძე, მიუსამძიმრა დედას და უთხრა, თქვენი შვილი  ჩარიცხული აკადემიაშიო. ცრემლები მომერია. ასე მოვხვდი აკადემიაში.

თავი მეხუთე: აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნო და ოსტატების დიდი სამეული

როგორც თემო გოცაძე იხსენებს,  კერამიკაზე მუშაობის პერიოდს უშედეგოდ არ ჩაუვლია.

„ჩემი კერამიკაზე ყოფნა ერთი რამით იყო კარგი. მე ქანდაკებას ვერ გავივლიდი ვერსად. ქანდაკება გავიარე კერამიკაზე. ორი წელიწადი ვაკეთე ქანდაკება, ყველაფერი მაქვს გაკეთებული.  ერთ-ერთი ბრყინვალე მოქანდაკე, ირაკლი ოქროპირიძე გვასწავლიდა.

ეს საოცარი ფერთა ჭიდილი, რაც თქვენს ნახატებზეა, ვისი დამსახურებაა, რომელი პედაგოგის?

 სულ სამი ნამდვილი მასწავლებელი მყავდა: ფერი რომ მოგწოთ ჩემი, ეს არის ხიტა ქუთათელაძე, ფერის გიჟი იყო…  კომპოზიციაში თუ რამეს ვქმნი, ეს აპოლონ ქუთათელაძის დამსახურებაა, ხოლო მონუმენტურალიზმი კოკი მახარაძის.

ასე ვისწავლე და დამთავრებაც ძალიან საინტერესო იყო. ნამუშევრების წარდგენაზე, ჩამოიარა კომისიამ, სერგო ქობულაძემ შეხედა ჩემს ნახატს და ასე ჩაილაპარაკა:  ზიგმუნდ ვალიშევსკი.

ვდგავართ, და ვეკითხები:  ჩტო ვი სკაზალი სერგეი სალამონოვიჩ?

ზიგმუნდ ვალიშევსკი! მიპასუხა.

სალამონოვიჩ, მე ვუთხარი, ია ხოტ ვ  20 -ომ ტომ ვეკე ვალაიუს, ესლი ეტო ზიგმუნდ ვალიშევსკი, ია ზნაუ ხუდოჟნიკოვ კატორიე იზ ჩეტვიორტოვო პაკალენია ნე ვიშლი მეთქო!

კავო პადრაზრუმივაეშო, – მკითხა,

ვას! -ასე ვუპასუხე.

როგორი ნაგლი უნდა იყო, წარმოიდგინეთ. მაგრამ უნდა მეთქვა!

არ გაბრაზებულა, მაგრამ მერე სამაგიერო გადამიხადა. დააწერა ბურჟუაზიული ხელოვნების აპოლოგეტიაო. მოგვიანებით კი, როცა მის სახელოსნოში მივედი, რა გინდა აქო – მკითხა, მე შენს წინააღმდეგ დავწერეო, აღარ დამიმალა.

ამ ყველაფრის შემდეგ, იმ დროს მინც დაგიშვეს გამოცდაზე? „ბურჟუაზიული ხელოვნების აპოგოლეტს“ დიპლომი მოგცეს?

 გამოცდაზე არ მიშვებენ, რადგან დახატული მქონდა ქალიშვილის პორტრეტი და კომისიამ ამაზე ზიგმუნდ ვალიშევსკიო განაცხადა. გაგიჟდნენ ჩემი ძმაკაცები. წავედით ბებიასთან,  დავსვით სკამზე ეზოში, პორტრეტი და ხელები დავხატე მე, ჩაცმულობა გააკეთა ზაურა ბებრიშვილმა, ნატურმორტი გააკეთა გივი ვაშაკიძემ და და ფონი დახატა ბუდუ სირბილიძემ.

დაცვაზე სველი ნამუშევარი შევიტანეთ. კომისიის თავმჯდომარე რუსი მხატვარი  მაჩალსკი იყო. თავმჯდომარეები, როგორც წესი, მოსკოვიდან მოდიოდნენ. ორი ნამუშევარი მქონდა წარმოდგენილი. ერთი, ბებიის პორტრეტი და  მეორე ხიროსიმა 4 მეტრი სიგრძის კომპოზიცია. მკითხეს თუ რამე მქონდა სათქმელი. მე კი ვუპასუხე – მადლობელი ვარ ჩემი ატანისთვისთქო. იმიტომ, რომ სულ მრიცხავდნენ, სულ წიოკი იყო ჩემს გარშემო და აპოლონი კი მუდამ იძახდა – დაანებეთ თავი ამ კაცს, ხომ მუშაობს, არ მოგწონთ ნუ დაუწერთ ნიშანს, გარიცხვით რატო რიცხავთო. მაგრამ არა, მრიცხავდნენ იმიტომ, რომ „სნიატ სტიპენდიუო“ რომ დაიძახებდა მკურნალი, მე და ხასანი ინაიშვილი ყელში ვწვდებოდით ხოლმე. გამოცდებზე ყირაზე შევდიოდი ხოლმე… სულ ყირაზე დავდიოდი, კიბეზეც კი.

რატომ იქცეოდით მასე? პროტესტი იყო თქვენი?

ეს პროტესტი იყო ჩარჩოში მოქცევის წინააღმდეგ. მერე მივხვდი, რომ სისულელეს ვაკეთებდი, იქ ისეთი რამ ვისწავლე, რასაც ვერასდროს ვერსად მისწავლიდი. დიპლომის დაცვის ბოლოს მაჩალსკიმ მითხრა – თქვენ ბებიამ გადამარჩინათო.

 თავი მეექვსე: ოჯახი, ბოჰემური ცხოვრება და განადგურებული ნახატები...

აკადემიის დამთავრების შემდეგ, ძალიან მალე, თემო გოცაძე დაოჯახდა. თუმცა, ოჯახური თანაცხოვრება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რამაც მხატვრის შემოქმედებაზეც იმოქმედა. დეპრესიამ და გაურკვევლობამ ის თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა…

 თემო გოცაძე:  აკადემიის დამთავრებიდან დაახლოებით ერთ თვეში 1964 წელს დავოჯახდი. 1965-ში დაიბადა ჩემი პირველი ვაჟბატონი ბექარი.  ასე თუ ისე, გავაგრძელე ოჯახური ცხოვრება, მაგრამ ეს ცხოვრება გაახარებს ვინმეს განაო. იმიტომ რომ, არ შეიძლება ძალიან ახალგაზრდამ ოჯახი შექმნა. ეს ერთი, მეორე – არ შეიძლება ისე იცხოვრო, რომ ახალგაზრდობა არ გაიარო. მაშინ როცა უნდა მეცუღლუტა,  გოგოებისთვის მედევნა და რაღაცეები და ამბები… ვიჯექი ვხატავდი, ვჩხირკედელაობდი ჩემთვის და ვსვამდი ბიჭებთან ერთად.

ოჯახი რომ დალაგდა, მერე უცებ გაჩნდა სხვა ადამიანიც.. ღამე სახლში არ შევდიოდი. ჩემი ბრალია  მოკლედ. ამ სიტუაციამ დაშალა ოჯახური თანაცხოვრება და  მე მიმიყვანა ძალიან ცუდ რაღაცამდე. თავის მოკვლის მცდელობაც მქონდა. როდესაც მეუღლეს დავშორდი აბსოლუტურად ყველა ნამუშვარი  დავწვი.

სოფელში მატარებლით მიმავალი დედა, რაღაც ძალამ გორიდან უკან მოაბრუნა და სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა.  სახლში  ვენებგადაჭრილი და თითქმის სისხლისგან დაცლილი დავხვდი.

 რას განიცდიდით ასე ძალიან, დანაშაულის გრძნობა გქონდათ?

მარტოობის გრძობა იყო… მოკლედ, ყველაფერი გავანადგურე, რაზეც მწყდება გული, იმიტომ რომ ბევრი რამე იყო იქ ისეთი, რომლის გაგრძელება მომავალში შეიძლებოდა ძალიან საინტერესოდ.

 თქვენი ახლობელი მხატვრები ყვებიან, რომ საოცარი სახელოსნო გქონდათ, ფაქტობრივად დიდი თავშეყრის ადგილი ხელოვანი ადამიანებისთვის…

აკადემიაში ჩავაბარე თუ არა, დედაჩემმა ამიშენა დიდი სახელოსნო ეზოში. მე ვიყავი პირველი ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც თავისი 20 კვადრატული მეტრი ჰქონდა. არ არსებობდა თბილისში ვინმე ახალგაზრდა შემოქმედი, რომელიც ამ სახელოსნოში არ იყო ნამყოფი. მთელი  აკადემიის პერიოდი,  დილით იყო მუშაობა, საღამოს იყო ჰარი ჰარალე.

რამაზ გიორგობიანი, თემურ ბაბლუანი, ზურაბ ხავთასი, ჟანრი ლოლაშვილი, თუ კი ვინმე იყო ხელოვნების სფეროში, ყველა იქ  მოდიოდა. ამანაც ძალიან დიდი როლი შეასრულა.

თავი მეშვიდე: გალაკტიონი, ფარაჯანოვი და ლურჯა ცხენები…

თემო გოცაძის შემოქმედების პირველი ნამუშევარი მაინც მისი „ლურჯა ცხენებია“…ამ ნახატთან დაკავშირებულ  ისტორიას მხატვარი ასე იხსენებს

„მახსოვს ერთ ზაფხულს თბილისში ვარ დარჩენილი… ძალიან ცხელოდა და სახელოსნოშიც დიდი სიცხე ტრიალდებოდა. ნაბახუსევზე სავარძელში ვიჯექი და ძილბურანში მესიზმრა „ლურჯა ცხენები“…. თუმცა ამასაც ჰქონდა წინა ისტორია. გალაკტიონ ტაბიძის გასვენება და პანაშვიდები დეტალურად  დავიმახსოვრე. იქაურობას არ მოვცილებივარ, შემდეგ კი დავხატე კუბოში დასვენებული მწერალი უკანა ფონზე ლურჯა ცხენებით, მაგრამ ეს ყველფერი დავწვი.

ცოტა ხნის შემდეგ ვნახე ფარაჯანოვის ფილმი, სადაც ერთი კაცი კლავს მეორეს, ნაჯახს არტყამს და ამ ნაჯახიდან გდამოსული სისხლით ეკრანზე რელატიურად გაიწელა წითელი ცხენები. ეს კადრი ეტყობა ქვეცნობიერად ჩამრჩა სადღაც. ობიექტურად რომ გითხრათ, ჯერ ლურჯა ცხენები დავხატე და შემდეგ ვნახე ის კინო კადრი. უფრო სწორად, მერე  მოვიდა  ფარაჯანოვი გამოფენაზე და მის სახლში წამიყვანა. მაშინ მაქვს ეს კადრი ნანახი მის კედელზე.

 ფარაჯანოვთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

დამირეკეს გამოფენიდან, ფარაჯანოვი მოვიდა  და  მოდიო. მითხრა, პირველად ვხედავ ამ ქვეყანაში ასეთსო და წამიყვანა სახლში. კედელზე მაჩვენა ცხენების ეს ცნობილი კადრი და საიათნოვას სიკვდილი.

მახსოვს ერთხელ მე და ჩემი მეგობარი მივემგზავრებოდით რუმინეთში, გავიარეთ  კიევი და ძმაკაცმა მითხრა აქ  ჩემი ნაცნობი  ფრაჯანოვია და მინდა გავუარო, მარტო ნუ გამიშვებ ერთად წავიდეთო.

მაშინ პირველად ვნახე ფარაჯანოვი. ძალიან კარგად მიგვიღო. უკანანა გზაზე კიევში 2 დღეს დავყოვნდით და სწორედ იმ დროს ბალანჩინსი სპექტაკლი დაგვემთხვა. ფარაჯანოვმა ბალანჩინზე დაგვპატიჟა და თავად მოვიდა რომაული ტოგით ბრილიანტებში ასხმული, ლამაზი სავგვრემანი ბიჭის,  მხარზე ქონდა ხელი ჩამოდებული. წარმოიდგინეთ კიევის ბომონდი და ფარაჯანოვის ამ ფორმაში გამოჩენა.. იქ ამბავი ხდებოდა…მამალი სოციალიზმია, უფრო მძაფრი, ვიდრე მოსკოვში.

მეორე დილა გათენდა და რეკავს, სად ხართო, რეაქცია აინტერესებდა. ვემზადებთ უნდა გავფრინდეთქო, არა შემოიარეთ, უჩემოდ არ წახვიდეთო. რომ მივედით, შევესწარი ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდ – თქვენ  ხომ ხალხი არ ხართ, ქართველებმა ის მაინც გააკეთეს, ჯამი და ხმალი დააჭერინეს ქართლის დედას, თქვენ მარტო ხმალი დააჭერინეთ, იმიტომ რომ არაფრის გაცემა არ გიყვართ, მე თავი დამანებეთ, მანდ არ ჩამოვალ და ფილმებს  მხოლოდ საქართველოში გადავიღებო.

 სასწაულად იცვამდაო, თქვენზე ასე ამბობენ, რა სტილი გქონდათ ასეთი გამორჩეული?

წარმოიდგინეთ „ჩოლკა“, მწვავე შარვალი ბუტილკა, თამბაქოს ფერი მძიმე ბატინკები და წითელი ან სერი, ძალიან მაგრად ნაქსოვი ჯემპრი დეკოლტე.

 სად შოულობდით ასეთ რამეებს იმ დროს?

ვაკერინებდი. თავზე ბერეტი ან შლაპა მეხურა.

 ფოტოები როგორ არ შემორჩა?

იყო გადაღებული, მაგრამ სად არის, კაცმა არ იცის.

 ფარაჯანოვმა რა გამოგატანათ კიევიდან?

10 ცალი სამუზეუმო მოოქროვილი ჩარჩო. როდესაც დავინახე გული წამივიდა, სასწაული იყო. ეს ჩემგან ფეშქეშიო. სწორედ ამის მერე მოვიდა ფარაჯანოვი ჩემს გამოფენაზე, იმიტომ რომ მიცნობდა.

 მოსკოვში ამხელა გამოფენა როგორ გაგიკეთეს  „ბურჟუაზიის აპოლოგეტს“?

1988 წელს მქონა დიდი გამოფენა. მხოლოდ საქართველოს სახვით ხელოვნებას ჰქონდა მსგავსი გამოფენა და  მეტი არავის.

როგორ მოხდა და, მე ამერიკაში ვიყავი. ნამუშევრები რომ ჩავიდა და ნახეს რაც იყო, თქვეს ამის გამოფენა იმ პატარა სივრცეში არ შეიძლებაო. გაათავისუფლეს  დიდი საგამოფენო დარბაზი. მე რომ ჩამოვედი, გამოფენა უკვე მომზადებული იყო.

 გაქანებული საბჭოთა კავშირის დროს იყავით ამერიკაში?

დიახ, გაქანებული საბჭოთა კავშირის დროს, მე ერთი თვით სამუშაო მივლინებით ვიყავი ამერიკაში, სადაც კოკა იგნატოვთან ერთად  კულტურის ცენტრის დარბაზი მოვხატეთ.

შტატებში გამოფენის მოსაწყობად დავზვერე საგამოფენო სივრცეებიც, თუმცა მალე საქართველოში სიტუაცია აირია.. ამისთვის აღარავის არ ეცალა.

 თავი მერვე: ჩემს  „ლურჯა ცხენებს“ ელენე ახმლედიანმა წაკრა ფეხი და  УБРАТЬ ЭТУ КАРТИНУ отсюда -ო!

თემო გოცაძე: ამხელა მახინა მივაყუდე კედელზე და წამოვედი. მეორე დღეს მივედი, კედელზე აღარ იყო მიყუდებული, იატაკზე იდო და წავასწარი  ასეთ სცენას, ელენე ახმლედიანმა წაკრა ფეხი და „უბრატ ატსუდაო“ თქვა! დამიბნელდა თვალებში, დაპატიჟებული მყავდა მთელი რუსთაველის პროსპექტი და მთელ  საძმაკაცო. მივედი და უხეშად მივმართე – ხომ არ გგონია, ქალბატონი ბრძანდები და ამიტომ მოგერიდები რამეს, ვინ მოქცა უფლება იმის, რასაც აკეთებთქო.

რა მოუვიდა იცით? – სახე გაებადრა, მშვენიერ ხასიათხე დადგა, აუ შენ რა კარგი ვიღაცა ყოფილხარო მითხრა, შენ მაგარი კაცი ყოფილხარო! არაო,   ეს სურათი არ იქნება გამოფენაზე, მაგრამ შენ საღამოს გელოდები სახლშიო. ნამუშევარი მაინც არ გავიდა გამოფენაზე. თუმცა ასე დაიწო ელენე ახვლედიანის და ჩემი ურთიერთობა. მოვიდა მთელი თბილისი ჩემი ნამუშევრების სანახავად, ვერ ნახეს ვერსად, სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.  მოგვიანებით, გაზაფხულზე გამოიფინა ჩემი ნამუშევრები და მერე მიყვა და მიყვა…

 მერე როგორ გაგრძელდა თქვენი და ელენეს ურთირთობა?

არაფერი… ისე რა. სახლში სტუმრად მივდიოდი ხოლმე, მხატვრებს რომ პატიჟებდა,  მაგრამ მისი ჯგუფის წევრი არ გახლდით. მისი ჯგუფის წევრი კაცებიდან მხოლოდ გივი თოიძე იყო, დანარჩენი ქალები იყვნენ ყველა.

დიდი თავნება, მაგრამ უნიჭიერესი ქალბატონი იყო.

ჩემს ნამუშევრებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ისტორიას ირინა შელია შეესწრო.   გამოფენილი მაქვს  „ენრიკოს პორტრეტი“, „შენ ხარ ვენახი“და  „პეტრე იბერი“. სამ სურათს მთელი კედელი უკავიათ. სანახავად ერთად მოსულან ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და ქეთო მაღალაშვილი.

გამოფენაზე კიდია „სემიჩკებივით“ პატარა ნამუშევრები.  წინ არის ლადო და უკან ქალები მიჰყვებიან. ჩაიარა ლადომ და აუხედავს ჩემი ნამუშევრებისთვის და უთქვამს „ბეზროდნი კოსმოპოლიტ“ – ო და ჩაიარა!

ქეთო მაღალაშვილი გაჩერებულა და ლადოსთვის დაუძახია, მთელი  ცხოვრება მიაქვს მწვანე და წითელი ფერების შეხამებას და აბა ნახე როგორ არის აქ გადმოცემულიო, ენრიკოს პორტრეტზეა საუბრი. ეს არის ბეზრუდნი კოსმოპოლიტიო? რა გემართებაო.

ასეთი სიტუაციებიც ხშირად იყო. არ მოსწონდათ არაფერი, მაგრამ ვერ აკეთებდნენ იმას, რომ არ მიეღოთ. იმდენად აცილებული იყო ეს ყველაფერი იმ იდეოლოგიას, იმდენად უცხო იყო, რომ საზოგადოება ვერ იღებდა…

ინტერვიუ მოამზადა: თამარ ლეფსვერიძე

პირველი ნაწილის დასასრული                                                                                                                                                                                     

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...