თელავში, ყამბარაშვილის კლინიკის მედ-პერსონალის ნაწილი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს

თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის მედ-პერსონალის ნაწილი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს.

სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით ექიმები პირად საუბარში ყვებიან.

პრობლემას ადასტურებს კლინიკის ხელმძღვანელი ავთანდილ ყამბარაშვილი.

„ჩვენთან შემოსავლის 95% საყოველთაო ჯანდაცვიდან შემოსული თანხაა. ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული გვაქვს აგვისტოს თვის თანხა. ახლა გავეცი ოქტომბრისა და ნოემბრის ხელფასი. ვისაც მცირე ანაზღაურება აქვს, დეკემბერიც გავუსტუმრეთ, სანიტრებს არ ვუგვიანებთ, ისედაც მცირე თანხა აქვთ და ცოდოები არიან. სამინისტრომ ჯერ მხოლოდ აგვისტოს თანხა ჩარიცხა და მე ფულს ხომ არ დავამზადებ? სახელმწიფო რასაც გვაძლევს, იმაზე ორჯერ უკეთეს ვარიანტში ვუხდი ხელფასს თანამშრომლებს.

გიხსნით, როგორ ხდება თანხის ჩარიცხვა, იანვრის თვის დოკუმენტაცია უნდა წარვადგინოთ თებერვლის 10 რიცხვამდე, რასაც სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია ორი თვის მანძილზე ამუშავებს და ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ ხელს მოვაწერთ, 10 სამუშაო დღეში გვერციხება თანხა. იანვრის თვის ხელფასს ჩემი თანამშრომლები აპრილის ბოლოს აიღებენ,“-აცხადებს ყამბარაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით განმარტება არაერთხელ გააკეთდა. უწყებაში ამბობენ, რომ თანხა კლინიკებს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერიცხებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად