თელავში, დაბახნებისა და კვირიკეს ციხის ტერიტორიაზე მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის, ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, სამუშაოები მიზნად ისახავს ქალაქისთვის დღემდე უცნობი კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას. გაგნიძეს მიაჩნია, რომ ახალი აღმოჩენების პარალელურად, ეს ადგილები ერთერთი გამორჩეული ტურისტული ლოკაცია გახდება.

ვახტანგ გაგნიძე დეტალურად უყვება “აიპრესს” ამ დრომდე არსებული აღმოჩნებისა და მიმდიანარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ.


“ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში ქალაქის უძველეს მონაკვეთში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ჩავატარეთ არქეოლოგიური სამუშაოები, რა დროსაც გამოვლინდა გვირაბისა და გალავნის ნაშთი. აქ წარმოებულმა სამუშაოებმა მავარაუდებინა, რომ ციტადელს, რომელსაც ამჟამად ჩვენ კვირიკეს ციხის სახელით ვიცნობთ, უნდა ჰქონოდა ქვედა ციხე, რომელიც ქალაქს გარშემო შემოუყვებოდა. გარდა აღნიშნულისა, თელავში, რომელიც საქართველოს ქალაქებს შორის ერთ-ერთი უძველესია და მნიშვნელოვანია საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად, მიზანშეწონილად და დროულ ქმედებად ჩავთვალეთ თელავის კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამეტნური კვლევების ჩატარება.


ქალაქის ისტორია დღემდე არ არის საფუძვლიანად შესწავლილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შარშან გადავწყვიტეთ ქალაქის ოთხ ლოკაციაზე (ზუზუმბო, დაბახნები, მაწანწრისა და ყადორის ბორცვზე) არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოების წარმოება. დაზვერვითი სამუშაოების შემდგომ დაბახნებზე გადაწყდა არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ამ ეტაპისთვის ტერიტორიაზე გამოიკვეთა ქალაქის უძველესი ნაშთები. კერძოდ, დაბახნების თხემზე გამოვლინდა გალავნისა და კოშკების ნაშთები, რომელიც ბორცვის რელიეფზეა განვითარებული და ქვემოთ დაბახნების წყაროსკენ ბურჯებითა და გალავნით მიემართება მაწანწრის ხევისკენ. ამ მომენტისთვის გამოვლენილი ნაშთების მაგალითზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს V-VII-XIსს-ის საფორთიფიკაციო ნაგებობებთან, რომელიც ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან მოყოლებული კვირიკე III დასრულებული აღდგენა შეკეთებების კვალს ატარებს. აქ განსაკუთრებულად ჩანს კვირიკესეული ქალაქის აღდგენის კვალი, რომელმაც „თელავი ჰყო ვითარცა ქალაქი“, ანუ კვირიკემ იმ ადრეული პერიოდის ნაგებობების აღდგენა დაიწყო, რომლებსაც (სავარაუდოდ) ფუნქცია შეუცვალა და ქალაქის თავდაცვით ფუნქციებში წყლის მომარაგების სისტემაც გააერთიანა, თუმცა წყლით მომარაგების სისტემა უპირველესი მოთხოვნილება იყო ჯერ კიდევ ციხის დაგეგმვის დროს.

სწორედ კვირიკესეული ხაზის გავლებას ემსახურება მეორე ლოკაციაზე წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავს ძველი გალავნის (ციტადელის) – კვირიკე მეფის სასახლის ნაშთების გამოვლენას, აქაც მოსალოდნელია ადრეული პერიოდის მასალების გამოვლენაც. ამრიგად, დაბახნებიდან მოყოლებული, კვირიკეს ციხის გავლით, დასრულებული გვირაბისა და გალავნის ნაშთებით, იკვეთება ძველი ქალაქის კონტური, რომლის გამორკვევითაც საშუალება მოგვეცემა თვალი გავადევნოთ თელავის შუასაუკუნეების ისტორულ-კულტურულ მემკვიდრეობას, ძველი ქალაქის კონტურს, დაბახნების ტერიტორიაზე უკვე გამოვლენილი ადრეული პერიოდის ნაგებობებზე დაკვირვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდაპირველი სამშენებლო პერიოდი ვახტანგ გორგასლისეულ პერიოდს , რომელიც იყო დიდი სტრატეგი და რომლის პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებაც ქვეყნის კონსოლიდაცია და დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.

კულტურული მემკვიდრეობის მართვა და მისი პრინციპები, მოითხოვს უფრო მეტ ქმედით საქმიანობას და რესურსს, რომელმაც სამომავლოს უნდა შექმნას იმის წინაპირობა, რომ ქალაქის ეს მრავალფეროვანი მემკვიდრეობა იქცეს სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი ფაქტორი”,- განუცხადა “აიპრესს” ვახტანგ გაგნიძემ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ყორჩიბაშიშვილების ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბურჯის რეაბილიტაცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ავარიულ დგომარეობაში იყო.
ასევე აღდგა, დაკონსერვდა და კონსტრუქციულად გამაგრდა მთლიანად ბურჯი და ამავე ციხის გალავნის ცალკეული უბანი, მოწესრიგდა შიდა ეზო.


თელავის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე არქეოლოგიურ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჯამში 77 600 ლარით აფინანსებს ( დაბახნები 18800 ლარი, ძველი გალავანი 18800 ლარი, ყორჩიბაშიშვილების ჩრდილო-აღმოსავლეთი ბურჯი 40000 ლარი)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...