თელავის სასამართლომ ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატის ლალი ჩოდრიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისათვის, თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი 13 ოქტომბერს დაჭრეს. 21 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 22 და 31 წლის ახალგაზრდებს ცივი იარაღით მუცლისა და ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ორივე დაჭრილი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ცნობით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 21 წლის დ.მ.-ს 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად