თელავის საკრებულოს თავმჯდომარე დაკავებულ დეპუტატზე: საკმაოდ აქტიური დეპუტატი გახლავთ, დაველოდოთ გამოძიებას

“მიხეილ გრემელაშვილი თელავის საკრებულოს საკმაოდ აქტიური დეპუტატი გახლავთ, მოდის დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ დავარღვევთ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას”, – ამის შესახებ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თხლაშიძის თქმით, გრემელაშვილის მხრიდან ოჯახის წევრებზე შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და არც ფაქტის გამჟღავნების შემდეგ ჰქონია დაკავებულთან კონტაქტი.

“მე არ მქონდა ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებზე ძალადობის შესახებ. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, იმ შემთვევაში თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, მას კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. საკრებულო კი ცნობის სახით მიიღებს გადაწყვეტილებას. მას სამსახურიდან ჩვენ ვერ გავუშვებთ, ვინაიდან იკავებს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარის მოადგილის პოსტს და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ფრაქციას შეუძლია”, – განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.

ცნობისათვის, თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი 19 წლის შვილებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გრემელაშვილი თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.
სამართალდამცველებმა დეპუტატის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად