თეკლა თორდიას მამა: ყველა ოჯახს ვუსამძიმრებ, სადაც დღეს ანალოგიური ტრაგედია ხდება. ეს უბედურება უნდა გაჩერდეს!..

“ყველა იმ ოჯახს ვუსამძიმრებ, სადაც დღეს ანალოგიური ტრაგედია ხდება. ეს უბედურება უნდა გაჩერდეს!”

ამის შეახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა, რატი თორდია სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს მიწას მივაბარეთ თეკლა, მაგრამ ისეთი შეგრძნება გვაქვს მე და ირმას, რომ ჩვენ ვართ თავად მიწას მიბარებული. რა ტკივილიც გამოიარეს ჩემმა მშობლებმა, ბაბუაჩემმა და ჩემმა დიდედამ, იგივე გვერგო ჩვენც, თითქოს გენეტიკური წყევლა ყოფილიყოს.
მართალია, თეკლას დაკარგვა აუწონავი სიმძიმეა, მაგრამ ამ უბედურების დროს თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი ნუგეში იყო და ამისათვის ყველას (დაკონკრეტების გარეშე) დიდ მადლობას გიხდით.
ყველა იმ ოჯახს ვუსამძიმრებ, სადაც დღეს ანალოგიური ტრაგედია ხდება. ეს უბედურება უნდა გაჩერდეს!..
ჯანმრთელობასა და მშვიდობას ეზეიმოს მსოფლიოში კორონასა და სიბოროტეზე გამარჯვებით.
მშობელს აღარასდროს დაეტირებინოს შვილი!” -წერს რატი თორდია.

შეგახსენებთ: 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი შვილის დაღუპვის ერთადერთი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა.

რატი თორდიას თქმით, 5 დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირებული გოგონას ოჯახი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს ელოდებოდა, შაქრიანი დიაბეტით კოვიდინფიცირებული პაციენტი კი ყოველდღიურად მძიმდებოდა. მოგვიანებით, გოგონას სუნთქვის მძიმე პრობლემა შეექმნა, ვერც ერთ კლინიკაში მძიმე პაციენტისთვის ადგილი ვერ მოინახა. თეკლა თორდია კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მისი დავალებით 19 წლის თეკლა თორდიას საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა.ყველა საკითხს, თუ რატომ მოხდა პაციენტის დაყოვნება, რატომ არ დატოვეს თეკლა თორდია პირველ საავადმყოფოში, სადაც ის იყო სადიაგნოსტიკოდ მიყვანილი, სწავლობს რეგულირების სააგენტო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად