თედო ჯაფარიძე: რუსებთან ურთიერთობა სულაც არ არის სასიამოვნო საუბარი ფინჯან ყავაზე

„ჩვენს გვსურს რუსეთთან კეთილმეზობლური თანაცხოვრება, მაგრამ არ გვსურს რუსეთში ცხოვრება“, – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე Defence Matters-თან(ლატვია), ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის დაძაბულია და არ არსებობს ალტერნატივა, რომელიც მათთან კომუნიკაციის ფორმას შეცვლიდა, ჩვენი ქვეყნისთვის სასურველი კომპრომისის მისაღწევად. 

„ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან თანაცხოვრება. თუმცა ჩვენმა რუსმა მეზობლებმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინეს და ამით საქართველო დაანაწევრეს. უფრო რომ განვავრცოთ, სამხრეთი კავკასია არის მღელვარებით სავსე, მგრძნობიარე სამეზობლო, სადაც ხშირია ომები, კონფლიქტები და დავები. ეს არის რეგიონი, სადაც ყველა რაღაც შიდა თუ გარე ცვლილებების პროცესშია. რეგიონის ყველა ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ირანი – გარკვეული მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ არა ერთი მიმართულებით: თითოეული მათგანი თავის კონკრეტულ სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ ტრაექტორიას მიჰყვება. ამ შემთხვევაში საქართველო გზაჯვარედინია და უამრავი სტრატეგიული ვექტორი აქ იყრის თავს, აქ იკვეთება, რაც წარმოშობს სხვადასხვა სინერგიას, თუმცა იშვიათად სტრატეგიებს, რომლებიც, თავის მხრივ, ჯამში ნულოვანი ტიპის სტრატეგიებია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე რუსეთს ეხება.

ჩვენს გვსურს რუსეთთან კეთილმეზობლური თანაცხოვრება, მაგრამ არ გვსურს რუსეთში ცხოვრება. ეს არის საქართველოს გზავნილი. სათანადოდ აღიქვამენ თუ არა ჩვენი რუსი მეზობლები ამ გზავნილს, ეს სხვა საქმეა. ჩვენს რუს მეზობლებს ქართველებთან, ევროპელებთან, ამერიკელებთან და ჩინელებთან შედარებითაც კი „სტაბილურობის“, „უსაფრთხოების“, „კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის“ ფუნდამენტურად განსხვავებული აღქმა აქვთ.

იქიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფიის შეცვლა არ შეგვიძლია, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება, რაც არ ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული მიზნების დათმობას. კარგად მოგეხსენებათ, რომ რუსებთან ურთიერთობა სულაც არ არის სასიამოვნო საუბარი ერთ ფინჯან ყავაზე: კეთილგანწყობილი, კონსტრუქციული დიალოგებისთვის რუსები სათანადო პარტნიორები არ არიან. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის უარყოფითი და დაძაბულია, მაგრამ, ამავდროულად, არ არსებობს ალტერნატივა, რომელიც შეცვლიდა კომუნიკაციასა და მოლაპარაკებებს ჩვენთვის სასურველი კომპრომისის მისაღწევად, რათა საქართველოს საშუალება მიეცეს, იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...