“ღვინის და სიკეთის კეთების ჰობი მაქვს” – ინტერვიუ მსახიობ ვანო იანტბელიძესთან

დაიბადა სამეგრელოში, აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში, სამტრედიაში ცხოვრობდა და სკოლაც იქ დაამთავრა. შემდეგ იყო თბილისი, თეატრალური ინსტიტუტი, ასე მოვიდა დასავლეთ საქართველოდან თელავამდე და უკვე 40 წელზე მეტია თელავში ცხოვრობს.

არის უამრავი ჯილდოს მფლობელი, თელავის საპატიო მოქალაქე, მისი სახელობის ვარსკვლავი ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის შესასვლელს ამშვენებს…
ამბობს, რომ თელავი და თეატრი მისთვის ყველაფერია…

“აიპრესის” კითხვებს მსახიობმა ვანო იანტბელიძემ უპასუხა:

რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა, ვინ ითამაშა თქვენს არჩევანში მნიშვნელოვანი როლი, როდის გაგიჩნდათ ამ პროფესიის არჩევის სურვილი?

– ძალიან ახალაგაზრდა ვიყავი, სკოლის პერიოდში დაახლოებით მე-5 მე-6 კლასიდან უკვე მინდოდა, საოცარია ხომ? ოჯახის წევრი არავინ არ მყავდა მსახიობი, მაგრამ აი ფილმს რომ ვუყურებდი უკვე მინდოდა რომ მე მეთამაშა იმ ფილმში. მერე სკოლაში რაღაც წრეებზე დავდიოდი ცეკვა,სიმღერა როგორც ხდება ხოლმე, მასწავლებელთა სახლში შეიქმნა თეატრალური წრე, ძალიან სერიოზული სხვათაშორის, ძალიან კარგი არტისტები არიან გამოსული კმ წრიდან თემურ თავაძე, დათო დვალიშვილი, დათო კვირცხალია და ძალიან ბევრი არტისტები.მეც მივედი იქ მიმიყვანეს, მერე მოვეწონე, მერე როლი მომცეს და ვიყავი ამით ბედნიერი და გადავწყვიტე რომ ჩამებარებინა.
ადრე იყო გამოცდები თეატრალურში, ჯერ ატესტატიც არ მქონდა, ცნობა მომცეს და ჩამოვედი ასე. ბედს არასოდეს არ ვუჩივი, აღმოჩნდა რომ იმ წელს აჰყავდა ჯგუფი მიხეილ თუმანიშვილის, ერთი კი შემეშინდა პატრონი არავინ არ მყავდა… ჩემი ჯგუფი არის თუმანიშვილის თეატრი ვინც არის ახლა, ნუგზარ ბაგრატიონით დაწყებული, ქეთი დოლიძე,მურმან ჯინორია, თუ ვინმეა დღეს, ყველანი იყვნენ ჩემი ჯგუფელები. ასე აღმოვჩნდი ამ ჯგუფში. პირველი კურსის ბოლოს წავედი გადაღებაზე და ასე დაიწყო ჩემი მოღვაწეობა.

როგორ მოხვდით თელავის თეატრში, რამდენი წელია მოღვაწეობთ ამ ქალაქში და როგორ დაახასიათებდით თელავს?

ბოლო კურსზე ვიყავი და აქ ნუგზარ ლორთქიფანიძემ მაშინ დადგა ,, ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს,, , რომ ჩამოვიდა თბილისში ძალიან ბედნიერი იყო, ძალიან აქებდა თელავს,თელავის თეატრს და აღმოჩნდა, რომ თურმე მოდიოდა მთავარ რეჟისორად თელავის თეატრში. იმდენი გველაპარაკა წამოსვლაზე, რომ ერთი წლით წავიდეთ და თან თეატრიც არ იყო ჯერ თბილისში მზად, სამი წლის მერე გაიხსნა, მოკლედ ვთქვით, რომ წავსულიყავით კახეთში, არ მენახა არც თელავი, არც კახეთი. დამხვდა დიდი სიყვარული, დიდი სითბო და სამოთხესავით იყო მაშინ ეს ყველაფერი ჩემთვის. მერე გადაღებებზე ვიყავი ხან ლენინგრადში, ხან აქეთ ხან იქით,მერე მაინც აქეთ გამომიწია გულმა, როგორც ხდება ხოლმე ქალი შემიყვარდა, მერე ბავშვი გაჩნდა,მერე ოჯახი და ასე დავრჩი თელავში, 1975 წლიდან ვარ აქ.

თელავი ჩემთვის ყოველგვარი ტრაფარეტის გარეშე ნიშნავს ყველაფერს, ძალიან დიდ სიხარულს, ძალიან დიდ ტკივილს, ბედნიერებას, დიდ უბუდურებას. თუ რამე შეიძლება სერიოზულ ნაწარმოებში განიხილო, ასეთი სამყაროა ჩემთვის თელავი. იმიტომ რომ მე აქ ვნახე იმედგაცრუებაც, დიდი სიყვარულიც, დიდი ტკივილიც, საფლავიც, სიკვდილიც, ღალატიც, გვერდში დგომაც, უახლოესი ადამიანებისგან ტკივილიც დაუმსახურებლად, მოკლედ ყველაფერი. ჩემთვის კომპენსაციასავით იყო ის, რომ თელავის საპატიო მოქალაქედ დამასახელეს,ეს ჩემთვის იყო ყველაფერი ამის გვირგვინი. ალბათ არ არის პრემია, რომ მე აღებული არ მქონდეს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო. უკრაინაში ვიყავი, რომ დამირეკეს და მითხრეს რომ საპატიო მოქალაქედ აგირჩიესო და კიდევ უფრო ის გამიხარდა,რომ 9 ჟიურის წევრიდან ყველამ მე დამასახელა. თელავში რომ დავდივარ ვგრძნობ ამ ადამიანებისგან ძალიან დიდ სითბოს და ძალიან დიდ სიყვარულს და ყველაზე სასურველი ადგილი, სადაც შეიძლება მე ვიცხოვრო არის თელავი,იმიტომ რომ ჩემ აშენებულ სახლში ვცხოვრობ,ოჯახი აქ შევქმენი, შვილები აქ გამიჩნდა და ა.შ.

თეატრი რას ნიშნავს თქვენთვის?

– რაც ეხლა მე მოვყევი, ყველაფერი ეს გადამატანინა თეატრმა, აქედან გამომდინარე ალბათ ხვდებით, რასაც ნიშნავს. ყველაფერია, დეპრესიაც არის და ანტიდეპრესენატიც.იმდენი როლები ვითამაშე და იმდენი რაღაცეებისგან ავერიდე, იმიტომ რომ ამ როლებს ვთამაშობდი. ძალიან საინტერესო როლების თამაში მომიწია,საინტერესო რეჟისორებთან, საინტერესო მსახიობებთან, მე ვთამაშობ თუმანიშვილში, თავისუფალ თეატრში, მარჯანიშვილში და ეს ჩემთვის დიდი პატივია რომ მიწვეული ვარ და იქ ვთამაშობ მთავრ როლებს. ასე რომ ჩემთვის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს თუ სად ვარ. უნდა გითხრათ რომ, თუ სამ საათს არ გადასცდა ესევე მოვდივარ თელავისკენ, სამს რომ 10 წუთი აკლდეს, მაინც გამოვდივარ, იმიტომ რომ აქ ვისვენებ და ვარ ჩემ სამყაროში, ჩემ სამფლობელოში.

პირველი როლი რომ გაიხსენოთ, როგორი იყო დიდ სცენაზე გამოსვლის პირველი შთაბეჭდილებები და რა ემოცია გაქვთ ახლა, სცენაზე გასვლის წინ?

– ყოველ წუთს ვნერვიულობ, მე დღემდე სცენაზე არ შემიძლია წაკითხვა.ხომ შეიძლება რომ როლი გქონდეს, ზეპირად იცოდე,მაგრამ ვითომ კითხულობ, გამორიცხულია, ვერც იმას ვიტყვი და ვერც ამას. მე ვთვლი, რომ იმას რასაც სცენიდან ვიძახი, აუცილებლად უნდა იყოს ჩემთვის გაზიარებული. მაგალითად, რაც არ უნდა დიდი მწერალი იყოს, როცა რაიმე ტექსტს ვლაპარაკობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ის ტექსტი მე შევთხზე.

რაც შეეხება პირველ როლს, საოცარი რაღაც მოხდა. რომ უნდა წამოსვულიყავი თელავის თეატრში, მანამდე გადავწყვიტე დამეთვალიერებინა, კი ვიცოდი რომ სატახტო ქალაქი იყო, ისტორიული და ა.შ. მაგრამ ნანახი არ მქონდა არაფერი. მახსოვს, ჩემი ემოცია ძაან კარგად, გომბორზე მოვდივარ ტაქსით, და ეხლა რომ იმ ადგილას ავარიები ხდება ხოლმე , იქ ეწერა ტრაფარეტს ,,15 კმ თელავამდე,, გავხედე ხევია და მთები, მეთქი 15 კილომეტრში აქ ქალაქი სად უნდა იყოს, ან თეატრი. ჩამოვედი, ძველი თეატრი იყო მაშინ, ცაცხვი იდგა და იქ ხალხი ჩოჩქოლი იყო, პლატონ ახვლედიანი იყო მაშინ თელავის დირექტორი, გამაცნეს ყველა და უცებ ნუგზარი მოვარდა და მითხრა, სპექტაკლი ,,საბრალდებო დასკვნა,, იშლებაო, ერთ-ერთი მსახიობი გახდა ცუდად და მის მაგივრად უნდა ითამაშოვო. დაახლოებით ვიცოდი რაზე იყო ლაპარაკი, ბევრჯერ იყო ეს სპექტაკლი უკვე დადგმული და რომ მომცეს ტექსტი , თან მითხრეს თუ გაგიჭირდება გედოსო, წაიკითხავო. ხმა გამოვიდა ქალაქში მოდის მსახიობი თბილისიდანო, რომელიც მერე თელავში უნდა დარჩესო და რომ შევედი პირველად სცენაზე, მახსოვს ძალიან დიდი ტაში იყო, ისე რომ კაი ხანს ვერ დავწყნარდი და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ავანსი მიღების და პატივისცემის ნიშნად და ეს ტაში ბოლომდე გამომყვა და დღემდე ამ ტაშს ვგრძნობ თელავის სცენაზე როცა ვდგევარ.

არაერთი სპექტაკლისა და უამრაბი როლის მიუხედავად, თუ გაქვთ დღემდე საოცნებო როლი, რომელიც არ ან ვერ ითამაშეთ?

– თეატრი ისეთი რამეა, რომ მე მაგალითად, ვერ წარმომიდგენია ამ კითხვის პასუხი და რატომ.. შეიძლება ყველაზე საოცნებო როლი გქონდეს და ვერ დადგას რეჟისორმა, ისეთი პარტნიორები გყავდეს და ისე ჩაფლავდეს სპექტაკლი, რომ ბედი იწყევლო რათ მინდოდა რომ ვთამაშობდიო. შეიძლება სულ არ ფიქრობდე როლზე,მაგრამ რეჟოსორმა ისე გააკეთოს და ისეთი სპექტაკლი გამოვიდეს, რომ სულ რომ არ ფიქრობ, საოცნებო როლად დარჩეს ის როლი. მე ნათამაშები მაქვს ყველაფერი თითქმის.მინდა რაღაც როლების თამაში, მაგრამ იმ პირობებით, თუ ვინ დგას და ვისთან ვთამაშობ. შეხვედრა გვქონდა მაგალითად, რომ დოიმ უნდა დადგას ,,მეფე ლირი,, მაგრამ ჯერჯერობით გაჩერებულია ეს პროექტი, რატომ არ ვიცი. მაგრამ სულ ვნერვიულობ, ვინ იქნებიან, რა ხედვა იქნება და ასე შემდეგ.ასე რომ ვთქვა რომ რაიმე საოცნებო მაქვს და ვაიმე ეს მათამაშა,ეგეთი რამე არ მაქვს. მე ახლა მინდა ისეთი რამის თამაში, სადაც ვიქნები მაგარი, რაც იქნება წარმატებული და ძალიან კარგი.მაინც კლასიკაზე ვფიქრობ,კლასიკაა ჩემთვის ყოველთვის სასურველი და მისაღები, დრამატურგია ძალიან სერიოზული ფორმაა შემოქმედების.

თქვენი გადმოსახედიდან, რა განსხვავებაა ფილმსა და სპექტაკლში თამაშს შორის, სად უფრო საინტერესოა სამუშო პროცესი და რატომ?

– კინო არის ძალიან მაგარი რამე, კინოში თამაშის ხერხებიც განსხვავებულია თეატრისგან, თითქოს სხვა ხელოვნებაა კინო, იმიტომ რომ ვერ გაიგებ იქ შენ რა იქნება ეკრანზე რომ გამოვა მერე. კინო არის პოპულარობა. რეკლამებიც კი, რამდენ რეკლამაში ვთამაშობ და მილიონი როლი მაქვს თეატრში ამ დროს ნათამაშები, დამინახავენ და მაინც რეკლამა ახსენდებათ ,,ვაა, აქაცა რეკამს,, და მეცინება ხოლმე, იმიტომ რომ თეატრი მაინც ჩაკეტილი სამყაროა. კინო პოპულარობაა, ფულიც არის, ამიტომ ერთმანეთისგან განსხვავებული თემაა. ორივე საინტერესოა მსახიობისთსთბის, მაგრამ სიამოვნება თეატრია.

დამეთანხმებით, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ძალიან ბევრი სირთულე დაუძლევია. ამ ეტაპზე რა ხდება თეატრში, რა ინტენსივობით იდგება ახალი სპექტაკლები, თუ დადის თეატრის დასი გასტროლზე და ა.შ?

– იდგმება ახალი სპექტაკლები, ეხლა გამოვიდა ,,აი, იასამანი,, მანამდე მაცხონაშვილმა დადგა თავისივე საინტერსო სპექტაკლი…ნუ თეატრი მუშაობს, ახალგაზრდები გვყავს,მაგრამ დასის კიდევ უფრო შევსება სასურველი იქნებოდა და ბევრი ახალი სპექტაკლების გაკეთება. გასტროლებზეც იყვნენ ბელორუსიაში, ფესტივალებზე დავდივართ ფოთი, თბილისი, ეხლა პოლონეთში მიდიან ახალგაზრდები. ასე, რომ თეატრი ინტენსიურად მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო სპექტაკლებს შესთავაზებს კიდევ მომავალი წლიდან მაყურებლს.

ახალგაზრდა მსახიობებზე მინდა გკითხოთ, რომლებიც თელავის თეატრში მოღვაწეობენ, როგორ შეაფასებდით მსახიობების ახალ თაობას?

– მე როგორ შემიძლია ახალგაზრდა შევაფასო ცუდად, არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. დიდი ინტერესით და სურვილით არიან თეატრში და უნდათ, რომ შექმნან, გააკეთონ. რა თქმა უნდა, რაღაც გამოვა, რაღაც არ გამოვა, ახალგაზრდები სულ ასე ვიყავით ჩვენც. რაც ბევრს ითამაშებენ, ეგ არის მათი პრაქტიკა, გახსნაც, იმ შემოქმედებაში შესვლაც რასაც ქვია. მე ისინი ძალიან მიყვარს, ჩემ შვილებად მიმაჩნია, ყოველთვის გვერდში ვუდგავარ და დავუდგები, სანამ ცოცხალი ვარ.

თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ სპექტაკლებს უმეტეს შემთხვევაში მაყურებელი არ ჰყავს და მსახიობს თამაში თითქმის ცარიელი დარბაზის წინაშე უწევს. ამ ფაქტს მოსახლეობის ფინანსურ პრობლემებს უკავშირებთ თუ თეტრისადმი დაბალ ინტერესს?

– სხვათაშორის ეს არის სრულიად საქართველოს პრობლემა. დღეს სხვანაირად არის, სპექტაკლი უნდა მოამადო რომ მაყურებელი გყავდეს, მაყურებელიც უნდა მოამზადო სპექტაკლისთვის. იმდენი საინფორმაციო საშუალებებია ირგლივ, თუნდაც ტელევიზია, ინტერნეტი რომ დღეს ყველაფერი სხვანაირად არის. დედაქალაქში მაინც ბევრი სტუმარია, ბევრი სტუდენტია. მაგალითად 800 ადგილიან დარბაზში რამდენი კაცი ცხოვრობს განა თელავში, რამდენმა უნდა ნახოს, რამდენჯერ უნდა გაივსოს დარბაზი. ამიტომ ხშირად უნდა პრემიერები, მომზადება, ჩამოსვლები სხვა თეატრების და აშ.


რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდა ვანო იანტბელიძე?

– ვიქნებოდი ძალიან მაგარი ადვოკატი, ასე მგონია, რომ ყველაზე მაგარი ადვოკატი ვიქნებოდი საქართველოში

პროფესიის პარალელურად თუ გაქვთ რაიმე ჰობი?

– ღვინის კეთების ჰობი მაქვს, დაყენების.
სიკეთის კეთების ჰობი და სურვილი მაქვს. ლამაზი ნივთები მიყვარს, სულ ვაგროვებ ნახატებს, ნივთებს,ლამაზ ფორმებს და ეს მხიბლავს.

და ბოლოს სამომავლო გეგმებზე მინდა გკითხოთ, ამჟამად თუ ხართ დაკავებული რომელიმე სპექტაკლში და როდის ვიხილავთ მაყურებელი სცენაზე?

– უახლოესი გეგმები მაქვს ასეთი, ახლა მივდივარ უკრაინაში, გადაღებები მაქვს და კონცერტები მაქვს, შემდეგ მივდივარ პრიბალტიკაში. თეატრს რაც შეეხება, თუმანიშვილში მაქვს დაწყებული ძალიან საინტერესო როლი და როგორ დამთავრდება არ ვიცი, ტაშკენტიდან დამირეკეს, ნასრედინის სერიალს იღებენ და შაჰის როლი შემომთავაზეს.

მსახიობის ცხოვრება ასეთია, შეიძლება არაფერი გქონდეს და ხვალ შეიძლება ყველაფერი გქონდეს, ასეთია ჩემი ცხოვრებაც.

ავტორი: ნათია ნანაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...