თეატრალური დღეები სენაკში

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებულ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, დარიო ფოს პიესის – ,,ძარცვა იტალიურად, ქურდის ქურდი ცხონდაო” მიხედვით დადგმული სპექტაკლით – ,,ქურდის ქურდი“ გაგრძელდა.

პრემიერაზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის მსახიობებმა, ეპოქის მანკიერი მხარეები გააცოცხლეს. როცა, ამორალობა და კორუფცია ქცევის ნორმა ხდება, ჩვეულებრივი და ,,პატიოსანი ქურდი“ მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი და არა თავისი დანაშაულის, არამედ საზოგადოების სიცრუის და სიყალბის მსხვერპლად გვევლინება.

სპექტაკლის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება კახა გოგიძეს ეკუთვნის, მხატვრობა – ლელა ფერაძეს.

ფესტივალის მეორე დღე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სპექტაკლით – ,,ქარი ქრის ვერხვებში“ დასრულდა.
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გახლავთ ნინო მაღლაკელიძე, მხატვარი – თამუნა გურგენიძე.

სპექტაკლში მოთხრობილია სამ მოხუცზე, რომელნიც ისე შეეჩვივნენ ერთფეროვან ყოფას და წარსულით ცხოვრებას, რომ ცვლილებები შიშის ზარს სცემთ… ოცნება შორსაა, შორსაა ვერხვები, რომელთა კენწეროებს ქარი გამუდმებით არხევს, თითქოს მუდმივი ქმედების მექანიზმია…

ფესტივალის ფარგლებში, სენაკურ დღეებს გორისა და თელავის თეატრალური დასების სპექტაკლები დაასრულებს.

კომენტარები
იტვირთება...