თეა წულუკიანმა მარტვილში იუსტიციის სახლი გახსნა

“იუსტიციის მინისტრმა  12 დეკემბერს, 18:00 საათზე, მარტვილში რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლი საზეიმოდ გახსნა.

მარტვილის იუსტიციის სახლი ზუგდიდისა და ფოთის შემდეგ რიგით მესამე ფილიალია სამეგრელოს რეგიონში,  სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. აღსანიშნავია ის, რომ სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი იუსტიციის სახლის ფილიალი შენდება. ქალაქ სენაკში დასასრულს უახლოვდება იუსტიციის სახლის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობა  კომფორტულ გარემოში  სერვისების მიღებას  უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან შეძლებს.

იუსტიციის სახლთან ერთად მარტვილში ქორწინების სახლიც გაიხსნა. ამ დრომდე მარტვილის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს მარტვილის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.

მარტვილში იუსტიციის სახლი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენდა და ის 531 კვადრატული მეტრია.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად მარტვილში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, მოეწყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდა. მარტვილის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მეცხრე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ სენაკში, ხონში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიასა და წყალტუბოში გაიხსნება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...