თეა წულუკიანმა ახალქალაქის მშენებარე იუსტიციის სახლი მოინახულა

იუსტიციის მინისტრი ახალქალაქს ესტუმრა და იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. წულუკიანი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს  გაესაუბრა,– ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"მჯერა, რომ, თუ გვინდა, ჩვენი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საზოგადოებაში ინტეგრირებულნი იყვნენ, მათ უნდა მივცეთ ისეთივე ინფრასტრუქტურა, როგორიც სხვა დიდ ქალაქებს აქვს. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე და მოსახლეობის დიდი თხოვნის საფუძველზე გადაწყდა ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა, სადაც ჩვენი ტერიტორიული სამსახურები გადატვირთულია და მრავალრიცხოვან მომხმარებელს მოძველებულ ოფისებში სხვადასხვა ადგილას ემსახურება“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის შემდეგ ახალქალაქის მცხოვრებთ საშუალება ექნებათ, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორების 400-ზე მეტი სერვისი. იუსტიციის სახლში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივის, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისები. ახალქალაქის იუსტიციის სახლში მოეწყობა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების ოთახიც.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ახალქალაქის იუსტიციის სახლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში ახალციხის შემდეგ მეორეა და ერთ-ერთია 2016 წლის ოთხი სახლის პროექტებიდან. იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ონშიც. წელს უკვე გაიხსნა ბორჯომისა და ლაგოდეხის იუსტიციის სახლები.

ახალქალაქის იუსტიციის სახლის პროექტის ავტორია შპს "MHD GROUP“. შენობის საერთო ფართი 682.9 კვადრატული მეტრი იქნება და აქ 30-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ბოლო ოთხ წელიწადში იუსტიციის სახლებს კიდევ 6 ახალი თანამედროვე შენობა შეემატა. 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომისა და ლაგოდეხის მცხოვრებთაც შეუძლიათ.

სამინისტროს ცნობით, 2012 წლის შემდეგ იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით ეს ხუთი ფილიალი სულ 500 000-მდე მომხმარებელს მოემსახურა; ამავე პერიოდში კი, ყველა ფილიალმა ერთად 15 მილიონზე მეტი მომხმარებელი მიიღო.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად