თეა წულუკიანი ვიზიტით ჰააგაში გაემგზავრა

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დელეგაციასთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-18 ასამბლეაზე მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში გაემგზავრა.


ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს სახელით ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების წინაშე განაცხადის გაკეთება იმის შესახებ, რომ საქართველო 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს.
კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში, ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-19 ასამბლეის ფარგლებში, რომელშიც 123 სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას, 6 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან აირჩევიან. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპიდან, რადგან ვადა ეწურება ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს, რომლის შესარჩევად ეროვნულ დონეზე ჩატარდება კონკურსი რომის სტატუტისა და ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან კანდიდატის დასახელება შეუძლია შემდეგ ქვეყნებს: ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია.
ვიზიტის ფარგლებში, ვიცეპრემიერი შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთანაც. იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად