თეა წულუკიანი საპასუხო ვიზიტით ლატვიაში იმყოფება

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პირველ მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, საპასუხო ვიზიტით ლატვიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში,  ქართულმა დელეგაციამ  პირველი შეხვედრა გამართა ლატვიის ვიცეპრემიერთან, იუსტიციის მინისტრ იანის ბორდანისთან. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური აცვრცელებს.

შეხვედრაზე ლატვიის იუსტიციის მინისტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებით დაინტერესდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმამ, აგრეთვე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილმა რეფორმებმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ლატვიელ კოლეგას გააცნო ის ძირითადი პრინციპები, რომელთაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ემყარება და აღნიშნა, რომ სპეციალიზებული სისტემა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე იქნებოდა ორიენტირებული, საქართველოს მანამდე არასოდეს ჰქონია. ამ მხრივ კოდექსი ინოვაციურია და საინტერესოა არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც.

ქართული მხარე დაინტერესდა ლატვიის რესპუბლიკის გამოცდილებით ალიმენტის საგარანტიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებითაც. აღნიშნული ფონდის ადმინისტრაცია ლატვიის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს და მის დაარსებას საფუძვლად  ბავშვის ინტერესების დაცვა უდევს.

საქართველოს ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით ლატვიის ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ იანის ბორდანისის მიწვევით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად