თეა წულუკიანი: რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, მურთაზ ზოდელავა და დიმიტრი შაშკინი დააკვირდებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს

“რვა ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“. ორი ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ დანაყოფს „სტრატეგია აღმაშენებელს“, ასევე არის „პატრიოტთა ალიანსთან“ კავშირში მყოფი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დააკვირდება ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბი“, რომლის დამფუძნებელი არის „ნაციონალური მოძრაობის“ სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისა, დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. სწორედ ზოდელავა და შაშკინი დააკვირდებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ შემოგვთავაზებენ თავიანთ ვითომდა ძალიან ნეიტრალურ შეფასებებს”.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან,  32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.

მისივე თქმით,  ე.წ. დამკვირვებლად არის რეგისტრირებული „მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“, რომლის დამფუძნებელი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში ლევან ხაბეიშვილი.

ასევე, „ახალი ხედვა საქართველოს“ ე.წ. დამკვირვებელი ორგანიზაცია მისი თავმჯდომარე არის „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალგზის შემწირველი და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი, ყველასთვის ცნობილი გიგა ნასარიძე, ესეც ვითომ დამკვირვებელია.

“თავი რომ დავანებოთ ისეთ ცუდად ცნობილ ორგანიზაციებს „თავისუფალი ზონა“, „ახალგაზრდა თაობა“ და სხვები, ვისაც შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ გარდა იმისა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ნეიტრალური დამკვირვებლები. ამ ყველაფრით, ფაქტებით დასტურდება, რაც ოდირ-მა თავის შუალედურ ანგარიშში თქვა, რომ ე.წ. დამკვირვებელი ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიცურ პარტიებთან არის აფილირებული.

ასევე, არის ორგანიზაცია, რომელსაც აბსურდული სახელი აქვს, „მშვიდობის ლეგიონი ფენიქსი“, რომელის თავმჯდომარეც არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ წერედიანი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია „სამოქალაქო პლატფორმა 2020“, რომელიც 2009 წელს, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის სახელით დაარსდა და სულ ახლახან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ლაშა ფარულავას განცხადების საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ შეეცვალათ სახელი.

“ეს ორგანიზაცია იყო 2014-2016 წლებში სადამკვირვებლო საქმიანობაში ჩართული და მათი წარმომადგენლები ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს, უფრო მეტიც, ზოგიერთ უბანზე საარჩევნო წევრების უფლებამოსილებასაც იტაცებდნენ. მათ შეიცვალეს სახლი და წელს უკვე დაიწყეს ცესკო-ს აქტიური კრიტიკა. ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე არის ვასო ურუშაძე, პროგრამული დირექტორი არის ლაშა ფარულავა, ეს არის ნიკა მელიასა და დავით საყვარელიძის ახლო გარემოცვა. ლაშა ფარულავა გახსოვთ, 2016 წელს იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ მცხეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ამ ორგანიზაციის შვილობილია მორიგი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჰაბი საქართველო“, სადაც კვლავ ურუშაძე და ფარულავა არიან გამგეობის წევრები, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე დიდი დამკვირვებელი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი სოდ-ის მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმა, გიორგი კოდუა, რომელიც ამ არჩევნებს მოევლინა როგორც ყველაზე მიუკერძოებელი დამკვირვებელი.

ასევე, არის მოძრაობა „საქართველოს ერთობისა და გაერთიანების“ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის წევრია ელენე ოზაშვილი, რომელიც 2017 წელს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ახლა ამ არჩევნებზე, ელენე ოზაშვილი გახლავთ „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში, ეს არის კიდევ ერთ კანდიდატი, რომელიც საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და თუ არ მოეწონება, შედეგი იტყვის, რომ გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, შეიქმნება ცრუ დარღვევების კასკადი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად