თეა წულუკიანი: ქართველი კაცები ხშირად ფიქრობენ ქალებზე, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკაზე მიდგება, მხოლოდ საკუთარი თავი ახსოვთ ხოლმე

„ვალდებულება არ იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვალდებულების მიუხედავად შესაძლებელი იყო, უფრო მეტი ქალი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო და იყო ერთი ქალი, რომელიც ყველაზე მეტად იღიმოდა და ყველაზე მეტად იყო მოწადინებული, რომ ხვალვე გაიმარჯვოს არჩევნებში, რაც სახეზე ეტყობოდა“.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რატომ არის მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ქალი და რატომ არ მოხდა კვოტირების საკითხის გათვალისწინება მაჟორიტარულ ნაწილში.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კვოტირება სავალდებულო გახდა და ცესკო არც ერთი პარტიის საარჩევნო სიას არ დაარეგისტრირებს თუ მასში ყოველი ოთხიდან ერთი მაინც არ იქნება განსხვავებული სქესის, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს პარლამენტის მაჟორიტარულ ნაწილს არ ეხება და ამიტომ გუშინ ამის ვალდებულება არ იყო.

შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა ვალდებულების შეტანა მაჟორიტარულ ნაწილში, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ცოტა ირონიულად უყურებს.

„ვფიქრობ, არა უშავს თუ კაცები უფრო მეტს იწვალებენ, ერთხელ მაინც, ვიდრე ქალები ვწვალობთ ხოლმე და ველზე იბრძოლებენ, რადგან მაჟორიტარული ოლქის მოგება ძალიან ძნელია“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ მამაკაცებმა პოლიტიკაში ქალების ჩართვაზე უნდა იფიქრონ.

„უნდა ვაიძულოთ კაცები, რომ იფიქრონ ქალებზე. პოლიტიკაში ვგულისხმობ, თორემ ისე, ქართველი კაცები ხშირად ფიქრობენ ქალებზე და ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკაზე მიდგება, შემდეგ მხოლოდ საკუთარი თავი ახსოვთ ხოლმე. ეს სხვათა შორის, ყველა პარტიას ეხება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად