თეა წულუკიანი: ქართველი ჯარისკაცის სიმართლე, რომ ის არავის დასხმია თავს გარდაუვალი რეალობაა

ჰააგაში ეძიებენ კონკრეტულ ინდივიდებს თუ ვინ ჩაიდინა ომის თუ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, იქ საქართველოს სახელმწიფო არ არის მხარე. თუმცა, რა თქმა უნდა მათთან ვთანამშრომლობთ და ვაწვდით მტკიცებულებებს, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილი მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ნერვიულობდა და უნდოდა, რომ სანამ ჰააგის სასამართლო რამეს გადაწყვეტდა, იქამდე გადაწყვეტილება სტრასბურგს გამოეტანა, რადგან ჰააგაში სტრასბურგში მიმდინარე საქმეებით ინტერესდებიან და ამის ნიშანია ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს სხდომებს ჰააგის გამომძიებლებიც ესწრებოდნენ.

“სტრასბურგის სასამართლოში საქართველო იყო მხარე რუსეთის წინააღმდეგ. ჰააგის სასამართლო კი ბუნებით სულ სხვა სასამართლოა. ის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ორგანოა, რაც იმას ნიშავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს და ცდილობს დაადგინოს არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რაც სტრასბურგის საქმეა, რაც დღეს ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდა. ჰააგაში კი ეძიებენ კონკრეტულ ინდივიდებს თუ ვინ ჩაიდინა ესა თუ ის ომის დანაშაული ან კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, იქ საქართველოს სახელმწიფო არ არის მხარე. თუმცა, რა თქმა უნდა მათთან ვთანამშრომლობთ და ვაწვდით მტკიცებულებებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მხარე, ჩვენ ხელს ვუწყობთ გამოძიების ობიექტურად და სწორად წარმართვას.

რა თქმა უნდა, დღევანდელი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოსი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ არა ერთ დანაშაულზე რუსეთის ფედერაცია აგებს პასუხს, ჰააგის სასამართლოს მიერ იქნება მხედველობაში მიღებული. 2018 წლის მაისში, როდესაც სტრასბურგში ჩვენ ღია სხდომა გვქონდა, იქ ვიცით, რომ სხდომას ესწრებოდნენ ჰააგის სასამართლოს გამომძიებლებიც და რა თქმა უნდა, ეს ნიშანია იმისა, რომ ისინი ამ პროცედურით ინტერესდებიან. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ძალიან ვნერვიულობდი და მინდოდა რომ სტრასბურგს გამოეტანა გადაწყვეტილება მანამ, სანამ ჰააგის სასამართლო რაიმეს გადაწყვეტდა. დღეს ეს უკვე ასეა. შეიძლება ჩვენ ვიყოთ უკვე მშვიდად, რომ ქართველი ჯარისკაცის სიმართლე, რომ ის არავის არ დასხმია თავს და არამედ რუსეთი დაგვესხა ჩვენ თავს აგვისტოში, ეს პრინციპში უკვე გარდაუვალი რეალობაა. ჩვენ ვიცოდით ეს მაგრამ ხელში არ გვქონდა სამართლებრივი მტკიცებულება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად