თეა წულუკიანი: “ქართულმა ოცნებამ” გადმოიბარა ნაწამები ციხე, მოუარა და მიხედა პატიმარს

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამოქალაქო დანაყოფების რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე დაიზოგა თანხები. ეს კი პირდაპირ პასუხობს მთავრობის მიერ გაცხადებულ ფუძემდებლურ, მცირე მთავრობის პრინციპი.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ ოპტიმიზაციის, და არა მხოლოდ, მიზნებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის თებერვლიდან გაუქმდა და ლიკვიდირებულ იქნა სასჯელაღსრულების ე.წ. სპეცნაზი და ეს პროცესი აპრილის ბოლოს დასრულდა.

„ამ პროცესმაც, დანარჩენ პროცესებთან ერთად საშუალება მოგვცა, რომ გაძლიერებულიყვნენ ის დანაყოფები საპატიმრო დაწესებულებებში, ვისაც გაძლიერება სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. პენიტენციური სისტემის შემოერთებისას, შეიძლება გახსოვთ, ჩემი პირველივე დაპირება გახლდათ, რომ მაშინდელ ბადრაგს, ახლანდელ ესკორტის ოფიცერს ექნებოდა ფორმა, გაიზრდებოდა მათი რიცხვი, გაიზრდებოდა ხელფასი. დავპირდით, რომ ექნებოდათ მათ ქარხნული დამზადების ესკორტის მანქანები და რომ ჩვენ შევამცირებდით ჩვენი მიზეზით სასამართლო პროცესების ჩაშლის რიცხვს, რითაც ხელს შევუწყობდით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისწრაფეს.

მე დღეს შემიძლია, ღიად და თამამად ვთქვა, რომ თითოეული ეს დაპირება არის შესრულებული. მე მივესალმები აქ მყოფ ჩვენი ესკორტის ოფიცრებს. მათ დღეს აქვთ ახალი, საუკეთესო ხარისხის ფორმა. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შემოვიყვანეთ და გადავეცით მათ 29 ესკორტის მანქანა, რომელი არის პირველი ამ სისტემაში ქარხნული წესით დამზადებული.

ამით ჩვენ ნელ-ნელა ვემშვიდობებით “ფურგონის” ტიპის მანქანების შესყიდვას, მათში ხელით რკინის კონსტრუქციების ჩამონტაჟებას და რამდენიმე თვეში ძრავებთან პრობლემას, რაც შლიდა სასამართლო პროცესებს, რადგან ესკორტის ოფიცრებს მანქანები საკმარისი ოდენობით არ ჰყავდათ. გაიზარდა ესკორტის ოფიცრების ხელფასიც, საშუალოდ 270 ლარით. ზოგ პოზიციაზე გაორმაგდა კიდეც, რადგან ახალგაზრდებისთვის 400-ლარიანი ბადრაგის პოზიცია, 500-ლარიანი, თუნდაც 600-ლარიანი, მძიმე პირობებიდან გამომდინარე, საინტერესო არ იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, გაიზარდა ესკორტის ოფიცრების რიცხვი და დღეს მათი დეფიციტი 276-დან 108 პოზიციამდე შემცირდა. ამ პოზიციებზე კი ვაკანსიები კვლავ შეივსება ღია კონკურსის გზით.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შედეგად, ორჯერ შემცირდა სასამართლოებში პენიტენციური სამსახურის მიზეზით სასამართლო პროცესის ჩაშლის რიცხვი.

“მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურთ რომ იმსახურონ ესკორტის სამსახურში, მოვუწოდო, რომ მომავალ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა. კონკურსის წესით პირველად შეივსო წელს ესკორტის სამსახური და რამდენიმე ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდა, რომელიც ესკორტის სამსახურში დასაქმდა, უკვე ახალ ფორმაში, ახალი იარაღით აღჭურვილი დღეს იმ პატიმრების უსაფრთხოებას იცავს, ვინც დღეს ჩვენ საპატიმროდან მოვიწვიეთ და ამ დარბაზში ჩვენთან ერთად ესწრებიან ამ ანგარიშს.

ჩვენ პირველი იანვრიდან დავნერგეთ ყველა მორიგე თანამშრომლისთვის უფასო კვების სისტემა და ეს არის ალბათ, სახელმწიფოს მხრიდან ის მინიმუმი, რაც შეგვეძლო პატიმრებზე ზრუნვის შემდეგ, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლებისთვის გაგვეკეთებინა ამდენი წლის შემდეგ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” გადმოიბარა ნაწამები ციხე, მოუარა და მიხედა პატიმარს, ჩვენ გვაქვს დღეს იმის ფუფუნება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს სახელმწიფოსა და მის წარმომადგენლებზე ციხეში.”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად