თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა

მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ისეთივე პატიმარია, როგორც ნებისმიერი სხვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო, რომ ის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის ექსპრეზიდენტის სტატუსს. სხვა მხრივ, ეს პატიმარი, რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა.

მინდა, კიდევ ერთხელ ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღეს საპატიმროში შიმშილობს, მოვუწოდო შიმშილობის შეწყვეტისაკენ, რადგან ეს არის პროტესტის ფორმა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. არ ვიცი, რამდენია მათი რიცხვი, ჩემი მინისტრობისას რაოდენობა მერყეობდა საშუალოდ 20-25-ის ფარგლებში. მინდა, ყველას მოვუწოდო, თუკი პროტესტის გრძნობა გვაქვს, ეს პროტესტი გამოვხატოთ სხვა ფორმით და არა ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების ნერვიულობის ფასად და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მსაჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადა: “კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი, ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა – ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც , საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.  მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 46 დღეა შიმშილობს.

8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა.  ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

 

 

კომენტარები
იტვირთება...