თეა წულუკიანი: მე რომ ვიყო პრეზიდენტი აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას

ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქათველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში?

„მე არ გახლავართ პრეზიდენტი. რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“ – განაცხადა იუსტივიის მინისტრმა.
თეა წულუაკიანი თქმით, შეწყალებაზე მორატორიუმი სწრაფად უნდა დასრულდეს.

„თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც, რა თქმა უნდა, დროებითია, მაშინ ბრძანა, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად დაიწყებოდა შესაბამის ფორმებზე მუშაობა. ჩემთვის არ არის ცნობილი, რა ეტაპზეა ეს პროცესი. ალბათ გასააქტიურებელი იქნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების საკითხი.

იმედი მაქვს, პარლამენტი ამისთვის რაც შეიძლება მალე მოიცლის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საჭირბოროტო და სასწრაფო საკითხი იხილება პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში საკანონმდებლო ორგანოში, და ჩვენ შევძლებთ, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელში ჩართვის მზაობა არაერთხელ გამოვხატე, რომ პენიტენციური სამსახურის პოზიციები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციებიც იყოს ახალი ნორმების შემუშავების პროცესში წარმოდგენილი. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება.

რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენ არ მიგვყავს ეს პროცესი, ვარაუდი ჩემი და მთავრობის დონეზე შეუძლებელი იქნება, თუ როდის დასრულდება, მაგრამ მორატორიუმი სასურველი იქნებოდა, დროულად დასრულდეს, რათა პატიმრებმა შეძლონ იქონიონ იმედი, რომ მათი საქმე დროულად დასრულდება და მათ ექნებათ არა გაურკვევლობის განცდა, არამედ განჭვრეტადობა და ზუსტი კრიტერიუმები, როდის და როგორ შეიძლება მათი შეწყალება მოხდეს.

„ყველას უნდა გვესმოდეს – მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს – ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად