თეა წულუკიანი ლია მუხაშავრიას: ალბათ, მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს, რომ შინ ტრაგედია აქვს…

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი Facebook-ის გვერდზე იურისტსა და უფლებადამცველს, ლია მუხაშავრიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ წულუკიანს “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება რომ სცოდნოდა, ფერად ტანსაცმელს ჩაიცვამდა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე ინტერვიუდან ამონარიდს აზიარებს:

“კვირის პალიტრა, ავტ. თეა ხურცილავა.
„ალბათ, გახარიას ფეხქვეშ მიწა იწვის“

გამოცემას იურისტი და უფლებადამცველი, ლია მუხაშავრია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასა და დიდ პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობაზე ესაუბრება.

ლია მუხაშავრია: (…..) თვალში საცემი იყო, იმ დღეს წულუკიანი შავებში რომ იყო გამოწყობილი. ეტყობა, არ იცოდა, რა გადაწყვეტილება იქნებოდა და ალბათ, არ მოელოდა ამ შედეგს, თორემ როგორც სჩვევია, ფერად ტანსაცმელს ჩაიცვამდა”.

მის განცხადებას თეა წულუკიანი ასე პასუხობს:

“არც კი ვიცი, როგორ ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანი ასე მიდის ხელიდან… და მისთვის იმ ადამიანის პირადი ტრაგედია და გლოვაც კი დასაცინი ხდება ხოლმე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვერ იტანს. ალბათ, პოლიტიკოსმა და მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, შინ ტრაგედია აქვს. დასანანია..”,-წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...