თეა წულუკიანი: კითხვა – ჩადის თუ არა გელათში წყალი, ეკუთვნის ორგანიზაციას, რომელსაც სახელად ჰქვია ძეგლთა დაცვის სააგენტო

“რაც შეეხება გელათის სამონასტო კომპლექსს, იქ კვლავ ჩადის თუ არა წყალი, ეს კითხვა ეკუთნის ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც სახელად ჰქვია ძეგლთა დაცვის სააგენტო.”

ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჟურნალისტების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენ, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში მათ მუდმივად ამ და კიდევ ბევრ სხვა მწვავე კითხვას ვუსვამთ. ზოგ კითხვაზე არის კომპეტენტური და ადექვატური პასუხი. ზოგ კითხვაზე არის არაადექვატური რეაქციები ჯერ კიდევ. ამას სჭირდება გამოსწორება და თან სასწრაფოდ. იმიტომ, რომ 2008 წლიდან დღემდე მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ტიპის ექსპერიმენტი მიმდინარეობს სწორედ გელათზე. იმიტომ, რომ მიჭიქული კრამიტით გადახურვის ტრადიცია მრავალი საუკუნეა საქართველოს აღარ ჰქონია. მავანმა მოისურვა ამ ტრადიციის აღდგენა და აღდგენის შედეგად ერთ-ერთი პირველი გამოცდა, რომ გელათზე ჩაეტარებინათ. ეს მგონია, რომ არის დაუშვებული და გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება ფრესკებს, ფრესკები საკმაოდ მძიმედ არის უკვე დაზიანებული. ამაზე სააგენტომ კომპეტენტური პასუხი უნდა გაგვცეს და არა ემოციური და ხანდახან ისტერიულიც. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი სააგენტოში, ასევე სააგენტოს მიერ დაქირავებული ადამიანები მზად იყვნენ იმისთვის, რომ საზოგადოებას გასცენ მშვიდად პასუხი იმაზე თუ რა დაშავდა და რატომ დაშავდა. მაგრამ მთავარი მაინც არის, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ლამის 13 წლიანი, მრავალშრიანი და კომპლექსური პრობლემები. ეს ვერც ერთ და ვერც ორ თვეში ვერ გამოსწორდება, მაგრამ საკმაოდ სწარაფად უნდა გამოსწორდეს. იმიტომ, რომ გელათის გარეშე, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, არც ძლიერი საქართველო არსებობს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...