თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ყველა ის პირი ვინც გიორგი შაქარაშვილს დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე, უმკაცრესად დაისჯება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე, თითქოს ის მფარველობს გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის საქმეში დაკავებულ პირებს, რადგან მათ მის საარჩევნო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა, ერთი კაცის მოგონილს უწოდებს.

„არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები ახსენეთ, არ მონაწილეობდა ჩემს საარჩევნო კამპანიაში, ეს არის ერთი კაცის გამოგონილი ტყუილი.
მე პირადად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არამცთუ მკაცრად, არამედ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი რომელმაც შაქარაშვილს, ამ ახალგაზრდა კაცს, თავიანთ თანატოლს, დაუნდობლად ვერაგულად მოუსწრაფეს სიცოცხლე.
მე ვენდობი გამოძიებას და რა თქმა უნდა პენიტენციური სამსახური, სადაც მოცემული პირები ბრალდებულის სტატუსით არიან მოთავსებულები, ყველა პირობას უქნის გამოძიებას იქნება ეს ბრალდებულთან გაადვილებული კონტაქტი, დაცვის მხარის კონტაქტი…
როგორ ამ ქვეყნის მოქალაქეს მაქვს ჩემი იმედი, იმედი იმისა რომ კონკრეტული პირები და როგორც ჩვენ ვხედავთ ამის მტკიცებულებები საქმეში მრავლად უნდა არსებობდეს, გამოიკვეთებიან და ეს კონკრეტული პირები, ვინც უშუალოდ მოუსწრაფა ადამიანს სიცოცხლე, იქნებიან მკაცრად დასჯილი. სხვათა შორის, ასეთ დროს ძალინ მკაცრია სისხლის სამართლის კოდექსი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, მცხეთის რაიონული სასამართლო 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და თერთმეტივე დაკავებული, რომლებსაც სახელმწიფო ბრალდება  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობას ედავება, პატიმრობაში დატოვა.

დაკავებული 17 პირიდან 6 არასრულწლოვანია, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო    თუმცა,  საქართველოს პროკურატურის მიერ სამედიცინო დასკვნას გავრცელების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.   მანამდე კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გაავრცელა

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა   ასევე,   გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად