თეა წულუკიანი: ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე

“ვულოცავ საქართველოსა და ჩვენს მომავალ თაობებს ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში პირველად ქართველი მოსამართლის არჩევას”.

ასე გამოეხმაურა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას სოციალურ ქსელში.

„გუშინ, ღამით, ნიუ-იორკში ჩატარდა კენჭისყრის პირველი ორი ტური, რომელთა შედეგადაც, ბრიტანელი კანდიდატი და ქართველი გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. ამ სასამართლოში, ქვეყნებს არ აქვთ თავიანთი ადგილი (კვოტა) და კანდიდატები მსოფლიოს სხვა ქვეყნების კანდიდატებს ეჯიბრებიან. დანარჩენი ოციოდე კანდიდატი ორშაბათიდან გააგრძელებს მომდევნო ტურებში ბრძოლას დარჩენილი ადგილებისთვის. ეს სასამართლო აგვისტოს ომის საქმეს იძიებს. გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია. გოჩა, გილოცავ! მადლობა ჩვენს ყველა ელჩს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს“, – წერს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, 18 დეკემბერს გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის მინისტრის თანამდებობა გოჩა ლორთქიფანიძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ, ამ თანამდებობაზე სხვა პირის წარდგენა გახდება საჭირო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად