თეა წულუკიანი: გვინდა აღვადგინოთ საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა და სამინისტროს მიზანი არის, რომ მომავალი 10 წლის მანძილზე ჩვენ 500-მდე ძეგლზე ჩატარებული იყოს კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები და საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 75%-ის მდგომარეობა იყოს თანამედროვე წესების დაცვით შესწავლილი.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის შემუშავებული და განხორციელებული იქნება საზღვარგარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის სახელმწიფო გეგმა და სამინისტროს მიზანია, 55% ძეგლების შესწავლა და მათი მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელება.

„10 წლის მანძილზე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დაინერგოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სახელმწიფო მექანიზმები და 100% ჩვენი ძეგლებისა აღირიცხოს ელექტრონულ პლატფორმებზე, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში გავაგრძელოთ წარმატებული საქმიანობა და შევიტანოთ მინიმუმ 1 ნომინაცია ძეგლების მიმართულებით, ხოლო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში – მინიმუმ 5 ნომინაცია.

ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე ის მტკივნეული საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს – მუზეუმების მართვა თანამედროვე სტანდარტით, იყოს შემუშავებული, მოქმედებდეს ერთიანი პოლიტიკა და ჩვენს მუზეუმებში დაცული ექსპონატების 100% ასევე იყოს აღრიცხული ელექტრონულ პლატფორმებზე. ჩვენ დღეს მუზეუმში ვიმყოფებით და არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმ სიმბოლოს, ადგილს, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ დღევანდელი პრეზენტაციისთვის – გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო სტუმრებო და ახალგაზრდებო, ეს არის შუაგულ დედაქალაქში მწვანე სივრცე, რომელიც ათეულობით ჰექტარზე არის გადაშლილი და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მწვანე მუზეუმი საქართველოში, იმ თბილისში, რომლის გამწვანებისა და განვითარებისთვის ქართული ოცნების ხელისუფლებამ, თავის დროზე ბატონმა ნარმანიამ და ბატონმა კალაძემ უპრეცედენტო საქმიანობა აწარმოეს იმისთვის, რომ ამ ქალაქში უკეთესად ვსუნთქავდეთ, უკეთესად ვცხოვრობდეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მუზეუმი იმ ახალი რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვინდა განვახორციელოთ, თავის დიდ წვლილს შეიტანს და თბილისელებისთვის, ეს არა მხოლოდ დაცული ოდა-სახლები იქნება, არამედ სასეირნო, გასართობი და რაც მნიშვნელოვანია – საგანმანათლებლო სივრცე იქნება ბავშვებისათვის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, სამინისტრო აპირებს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენას.
„გვინდა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი, სადაც დაცულია ჩვენი სამუზეუმო ექსპონატების 90%-მდე – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი აღვადგინოთ, განვაახლოთ და იმ სიწმინდეებს, რომლებიც ოქროს ფონდში ინახება, მივცეთ ის სიცოცხლე, რომელიც მათ ეკუთვნით. არაერთი ეს ექსპონატი მოვლა-პატრონობას საჭიროებს და ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება იუნესკოს ექსპერტებთან, რომ ხის კონსერვაციის, ჭედური ხატების კონსერვაციის ექსპერტები ჩამოვიდნენ და ოქროს ფონდი იყოს ისევე გამოფენილი და ხელმისაწვდომი, როგორც ეს იყო ჩვენს ბავშვობაში. ასევე, ამ მუზეუმში შენახულია (რაც ბევრმა არ იცის) პირველი კანდინსკი, ქართველი მხატვრები, რომელთა რიცხვი არის შთამბეჭდავი.

მხოლოდ ფიროსმანი რად ღირს, კაკაბაძე და გიგო გაბაშვილი, ახვლედიანი და სხვები და რა თქმა უნდა, ისინი უნდა იყოს სათანადოდ გამოფენილი. ამისთვის საჭიროა მუზეუმის აღდგენა, მუზეუმის, რომელსაც აქვს სერიოზული გამოწვევები“, – განაცხადა მინისტრმა

კომენტარები
იტვირთება...