თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კომიტეტის პრეზიდენტი მიკოლა გნატოვსკი ხელმძღვანელობს.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დღეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტის შემაჯამებელი შეხევდრა გაიმართა, მანამდე კი დელეგაცია სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვია. კომიტეტის წევრებს საშუალება ჰქონდათ პენიტენციურ დაწესებულებებში შეუზღუდავად შესულიყვნენ და გადაადგილებულიყვნენ. ისინი პირადად გაესაუბრნენ თავისუფლებააღკვეთილ პირებს.

დღევანდელ შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა იუსტიციის მინისტრს საკუთარი რეკომენდაციები და წინადადებები გააცნეს, რაც რამდენიმე თვეში მათ საბოლოო ანგარიშშიც აისახება.

მინისტრის მოადგილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, უწყება მზადაა ევროსაბჭოსთან აქტიური თანამშრომლობისა და რეკომენდაციების გათავლისწინებისთვის და გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ ერთ დღეს საქართველოს პენიტენციური სისტემა სრულად ევროპული სტანდარტის გახდეს.

თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ დელეგაციის მიერ გამოთქმული სამომავლოდ შესასრულებელი რეკომენდაციები, სრულად ემთხვევა სასჯელაღსრულების სისტემასთან გაერთიანების შემდგომ, იუსტიციის სამინისტროს ხედვასა და პრიორიტეტებს. მინისტრის თქმით, ამ პრიორიტეტების შესაბამისი გეგმის განხორციელება სასჯელაღსრულების სისტემას კიდევ უფრო პროგრესულსა და თანამედროვეს გახდის. კერძოდ, თეა წულუკიანმა პრიორიტეტად დაასახელა პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და გათავისუფლებისათვის მომზადება; დაწესებულებებში სოციალური მუშაკების როლის გაზრდა; ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, რამაც სისტემას ციხეების ევროპული ტიპის მენეჯმენტის საშუალება უნდა მისცეს; არა მხოლოდ პატიმრებისათვის, არამედ თანამშრომლებისთვისაც ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა; პატიმრებთან უშუალოდ მომუშავე თანამშრომელთა მიზერული ხელფასების ზრდა და უნიფორმებით აღჭურვა.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ვიზიტებს ახორციელებენ პერიოდულად. საქართველოში კომიტეტის ბოლო ვიზიტი 2014 წლის 1 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა; ამ ვიზიტის შემაჯამებელი ანგარიში კი, კომიტეტმა 2015 წლის 15 დეკემბერს გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პასუხთან ერთად.

ცნობისათვის: წამების პრევენციის კომიტეტი დაარსდა ევროპის საბჭოს „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კონვენციის“ საფუძველზე.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად