თეა წულუკიანი ENKA-ს გადაწყვეტილებაზე: ეს ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ფაქტი რომ “ნამახვანჰესი” აღარ აშენდება და კომპანია “ენკა” საქართველოსთან თანამშრომლობას წყვეტს, ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“ეს ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის, ვინაიდან აქ იყო ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში. ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისათვის და მომავალი განვითარებისთვის.

ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისათვის: ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

BMG-იმ 15 სექტემბერს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორი ENKA საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო დავის დაწყებას განიხილავდა.

კომენტარები
იტვირთება...