თეა წულუკიანი: ჩვენ გამოვრიცხავთ სააკაშვილის გათავისუფლებას რამე სამართლებრივი მექანიზმით

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდება ისევე, როგორც ვანო ბერაბიშვილის შემთხვევაში დასრულდა, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ჩვენ გამოვრიცხავთ სააკაშვილის გათავისუფლებას რამე სამართლებრივი მექანიზმით. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩვენი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში არ არის, გახლავთ შეწყალება, შეწყალებასთან დაკავშირებით კი საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა შეფასება და მისი პოზიციაც ცალსახაა, რომ ის ამას არ აპირებს. მე დიდი იმედი მაქვს, ის ამ პოზიციას არასოდეს არ შეიცვლის, არავითარი ზეწოლის ქვეშ და ჩვენ მივიღებთ იმ სასჯელის აღსრულებას, რომელსაც ითხოვენ დაზარალებულები და, რომელსაც ითხოვს კანონი.

რეალობა არის მისთვის საკმაოდ მწარე და მას მოუწევს, პატიმრობას შეეგუოს. იმიტომ, რომ მას სასჯელი აქვს გამოტანილი საქართველოს რეფორმირებული სასამართლოს მიერ და ასევე, ეს არის უმნიშვნელოვანესი დაზარალებულთა უფლებებისთვის, რომლებიც ოპოზიციას ძალიან ხშირად ავიწყდება. ცალკე აღებული, სასამართლო, კანონი და სასჯელი არაფერს ნიშნავს. ეს ყველაფერი არსებობს დაზარალებულის უფლებების დაცვის მიზნით და არა რაღაც აბსტრაგირებული რეალობებისთვის. მთავარი არის ის, ვისაც დაუშავდა. ვისაც დაუშავდა, იმას სამართლებრივ ენაზე დაზარალებული ჰქვია და მისი უფლებაა, დამნაშავე იყოს დასჯილი და მან სასჯელი მოიხადოს. აი, ეს ელემენტარული სასამართლო და სამართლებრივი პროცედურებია სახეზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.

 

კომენტარები
იტვირთება...