თეა გოდოლაძე ზუსტად ისე იქცევა, როგორც რუსეთი და მიწისძვრებზე მონაცემებს მალავს – ნინო წერეთელი

რომელ ქვეყანას ვეჯიბრებით სეიმოლოგიური მონაცემების დამალვაში? რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს თუ თურქეთს? თუ ოთხივეს ერთად?

არის თუ არა კარგი მაგალითი ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ყოფნა პროცესების გამჭვირვალობის თვალსაზრისით?

როგორ აწვდიან მონაცემებს ევროპის წამყვანი ქვეყნები დაინტერესებულ პირებს და რა ხდება ამ დროს საქართველოში?

როგორც უკვე შეგპირდით, მოკვლევას „დიდი სეისმოლოგიური დავის“ შესახებ კვლავ  ვაგრძელებთ.

დავა, რომელიც წლებია გრძელდება, ისევ ღიაა და მეცნიერებს შორის ისევ დაპირისპირების მიზეზია. ერთი შეხედვით საკითხი, რომელიც ყველა მეცნიერს უნდა აერთიანებდეს, განხეთქილების თემად იქცა და ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფომ თავისი სიტყვის თქმა ამ დრომდე ვერ მოახერხა. წერილები ისევ იგზავნება სამინისტროდან სამინისტროში, ისევ ერთმანეთთან ამისამართებენ მინისტრები, პრობლემა კი პრობლემად რჩება.

“აიპრესმა” ამ საკითხის  შესახებ რამდენიმე სტატიაში მოგითხროთ და სხვადასხვა მხარის კომენტარები შემოგთავაზათ.

მონაცემები, რომელიც 10 წელია საჯარო აღარაა მეცნიერებისთვის, წესით, სახელმწიფოს კუთვნილებაა და საკითხის მოგვარებაც მას ევალება. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მიწერილი არაერთი წერილის მიუხედავად, თემა ისევ ღიაა, მოუგვარებელი.

ოფიციალურად, სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძეა, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება. მართალია, თავად ცენტრის ხელმძღვანელი „აიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხდებს, რომ ეს ასე არაა  (თეა გოდოლაძე: ბოლო 2 წელიწადია სახელმწიფოსგან კაპიკი არ მიგვიღია, ხელფასები ირიცხება მარტო! სეისმური ცენტრი რომ აქვს ამ ქვეყანას, ჩვენი გუნდის დამსახურებაა. იხ. თეა გოდოლაძესთან ინტერვიუ), მაგრამ ოფიციალური უწყებებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია სულ სხვა რამეს მოწმობს. თუმცა, ამაზე უფრო მოგვიანებით.

„აიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სეისმური ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს გაასაჯაროვოს ის მონაცემები, რასაც აშშ-ს მთავრობის მიერ გაცემული გრანტებით მოიპოვებენ.

თეა გოდოლაძე: ეს ქსელი ნახევარზე მეტი არის ამერიკის შეერთებული შტატების და სამეცნიერო ჯგუფის დამსახურება და ბოლო 4 წელიწადია, საერთაშორისო კვლევის ფარგლებში მიმდინარეობს. იმ ჯგუფსაც (გულისხმობს გეოფიზიკის მეცნიერთა ჯგუფს. ავტ) აქვს საკუთარი კვლევები, ყველგან მონაცემებს აგროვებენ. ოდესმე მივსულვარ და მითხოვია თქვენი ნამუშევარი მე უნდა მივითვისოთქო?

ცხადია თქვენ არ მიხვალთ და ვერც ისინი მოვლენ, თუკი საუბარია კერძო კომპანიაზე. ილიაუნი სახელმწიფო სტრუქტურა არ არის? ამაზე აქვთ მათ პრეტენზია.

– რა ფარგლებშიც უნდა იყოს ეს მონაცემები ღია, ეს არის ღია ინფორმაცია. ჩვენ ვაწვდით ამას საერთაშორისო ცენტრებს. ჩვენს წერილშიც რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს და ყველას გავუგზავნეთ. ეს ახალი ამბავი არაა.

ვთქვათ, იმ მეცნიერებს, რომლებსაც რეალურად აინტერესებთ, თუნდაც მიწისძვრების შესახებ მონაცემები, როგორი შანსები აქვთ თქვენთან და როგორია მათთვის მონაცამებზე ხელმისაწვდომობა?

– არის საერთაშორისო ცენტრები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ეს მონაცემები დაბეჭდილია რაც საქართველოშია, ასეთ რაღაცას არავინ არ აკეთებს. სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ქსელი დახურულია.

რამდენად მოგებიანია დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას აპირებს წევრობაზე, თავს იწონებდეს რუსეთის გვერდით დგომით?

თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთიც კი უფრო წინ წასულია და იქაური სეისმური ცენტრი, განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, სეისმურ მონაცემებს ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს, მითუმეტეს მეცნიერებს.

როგორც გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი, დოქტორი ნინო წერეთელი „აიპრესთან“ აცხადებს, ნებისმიერი მასალა, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი საფრთხეების შეფასებასთან, აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მეცნიერისთვის საქართველოში.

„ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და მე არაფერს  ვიგონებ. ყველგან, მთელი  მსოფლიოს მასშტაბით მონაცემები, რაც მიწისძვრებს,  ჰიდროლოგიას, მეტეოროლოგიას და ასე შემდეგ ეხება, არის ღია, ვინაიდან ეს არის სამეცნიერო საკითხები. ეს  გახდა ღია იმიტომ, რომ განვითარდეს ეს მეცნიერებები და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეფასებები. ახალი მეთოდები განვითარდეს და კაცობრიობამ აქედან მიიღოს სიკეთე.“

კითხვაზე, თუ როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთიდან ინფორმაციების გამოთხოვის, ნინო წერეთელი გვპასუხობს: მოდით, დავიწყოთ იქედან, რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ის, რომ ინფორმაციის დამალვაში ტოლს არ უდებ სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს?!

კი ბატონო, მაგ ქვეყნებსაც ანალოგიური ტიპის მონაცემები აქვთ განლაგებული საერთაშორისო ქსელში, როგორც თეა გოდოლაძეს, მაგნიტუდა სამის ან   2,8-ის ზემოთ.  განსხვავებით იმისგან, რომ თუკი თეა გოდოლაძეს აქვს კანტი-კუნტად განლაგებული სადგურების მონაცემები, რომ იჩემებს 42  სადგური მაქვსო და 15 სადგურის მონაცემსაც ვერსად იპოვით. აზერბაიჯანი სრულიად აწვდის ყველა სადგურის მონაცემებს, 35 სადგურის მონაცემები აქვს გაწერილი. ასევეა, რუსეთიც.

რაც შეეხება მე როგორ ვმუშაობ, როდესაც მჭირდება  ინფორმაცია,  პირდაპირ ვუკავშირდები ჩემს კოლეგებს და ისინი უპრობლემოდ მიგზავნიან სრულ კატალოგს. მაგალითად ავიღოთ თუნდაც თურქეთი.  თურქეთსაც აქვს სრულად წარმოდგენილი თავისი კატალოგი  ევროპის პლატფორმაზე, იქ შეუძლია ყველას შევიდეს, უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეს, ციტირების  ინდექსი გააკეთოს და მთლიანად შეუძლია ყველა მონაცემი ჩამოტვირთოს.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთს სრული კატალოგის შემთხვევაში,  სპეციალურად უნდა მიმართო და  გამოგიგზავნის.

აზერბაიჯანს რაც შეეხება,   გეოლოგიის ინსტიტუტმა მთლიანად გამომიგზავნა რაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს სეიმური მონიტორინგის ცენტრისგან  არ მიმიღია პასუხი როდესაც მივმართე.

ანუ სამივე ქვეყნიდან, რომელსაც გოდოლაძე ედრება, ინფორმაციის გამოთხოვა, სრულიად უპრობლემოდ შეგიძლიათ. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ქვეყნები არ არიან ჩვენთვის საპირწონე – ჩემთვის საპირწონეა დასავლეთი. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრები და თეა გოდოლაძისგან, რომლის განათლებაზე შეერთებულმა შტატებმა დახარჯა უამრავი ფული იმიტომ, რომ  ქვეყანას კადრი ჰყოლოდა დასავლური  მენტალიტეტით, საბოლოო ჯამში მივიღეთ საბჭოური დახურული მენტალიტეტის მქონე ადამიანი და  ეს ძალიან ცუდია.

თქვენ ამბობთ, რომ რუსეთსაც კი იმაზე უკეთესი მდგომარეობა აქვს ვიდრე ჩვენ? ანუ, თუ მიმართავ, რუსეთის სეისმოლოგის ცენტრს, მოგაწვდით მონაცემებს?

დიახ, თუ მიმართავ გამოგიგზავნიან. ეს პრაქტიკა რუსეთთან მე პირადად არ მქონია და არც დამჭირვებია,  რადგან მათ მონაცემებს საერთაშორისო ქსელიდან ვაგროვებ. საერთაშორისო ქსელში მათ გაცილებით სრულყოფილი მონაცემები აქვთ, ვიდრე საქართველოს.

საერთაშორისო სეისმოლოგიური ცენტრის წევრები ჩვენ თუ ვართ?

როგორ არ ვართ. თუმცა, თეა გოდოლაძის მიერ ატვირთული მონაცემები სრულყოფილი სახით საერთაშორისო ქსელშიც არ არის.

ევროპის რომელ ქვეყნებს აქვთ სრულყოფილი მონაცემები ატვირთული საერთასორისო ქსელში?

ევროპის ნებისმიერ ქვეყანას, სადაც სეისმური ქსელი არის, მისი კატალოგები სრულყოფილად ხელმისაწვდომია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი საიტები და  ნებისმიერ დროს შეიძლება იქიდან მონაცემების გადმოტვირთვა. ისინი ყველანაირ მონაცემებს განალაგებენ, მარტო სეისმოლოგიურს არა, ვულკანურს, გეოლოგიურს და ა.შ…

თქვენ განაცხადეთ და ამას თეა გოდოლაძეც ამბობს, რომ სეისმური ცენტრი ფინანსდება აშშ-ს მთავრობისგან. თვითონ აშშ-ში როგორ არის ამ მონაცემებზე წვდომა, რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე?

აშშ-ში, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც არის სახელმწიფო, სრულიად გამჭვირვალეა და მათი კატალოგები არის ხელმისაწვდომი. იქ შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი კერძო კომპანიების მონაცემები. თუმცა, საჯაროა უნივერსიტეტის მონაცემები, მაგალითად ბერკლის  უნიკალური მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

რაიმე კანონი არეგულირებს ამას?

რაიმე კანონი ამისი მარეგულირებელი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტებს ეს ყვალაფერი აქვთ გახსნილი. თუ რაღაც კონკრეტული პროექტი ხორციელდება, ამ პროექტის დამთავრებამდე, პუბლიკაციების გამოქვეყნებამდე შეიძლება მონაცემები არ იყოს ღია, მაგრამ  ამას თავისი ზღვარი აქვს, მაქსიმუმ ერთი ან ორი  წელი.

როგორც კი პუბლიკაცია კეთდება, იქ იმას თან უნდა დაერთოს აუცილებლად მასალა, რაზე დაყრდნობითაც გამოქვეყნდა.

მაგალითად, თეა გოდოლაძემ გააკეთა  თავის ამერიკელ კოლეგებთან 2020-ში პუბლიკაცია სეისმური საშიშროების. არანაირი მასალა ზედ არ დაურთო, უბრალოდ არის სტატია. ანუ სეისმური საშიშროება რამდენად სწორად არის  შეფასებული, ამის რევიზიას ვერავინ გააკეთებს იმიტომ, რომ თან არ ახლავს მასალა. ჩვენ რომელი პუბლიკაციაც გამოვაქვეყნეთ 2021-ში, იმას თან ახლავს კატალოგი და ნებისმიერს შეუძლია ჩვენი გათვლების გადამოწმება. ამიტომ, დარღვეულია აბსოლუტურად ყველანაირი წესი, რაც მოქმედებს დასავლეთში,  იქნება ეს ევროპა თუ ამერიკის შეერთებული შტატები.

სეისმური ცენტრის პარტნიორები არიან აშშ-ს მთავრობა. როგორ ფიქრობთ, ისინი რატომ არ თხოვენ ცენტრს გაასაჯაროვონ ის მონაცემები, რომელზეც თქვენ საუბრობთ?

აშშ ჩვენს შიდა საქმეში არ ჩაერევა და ის იტყვის, რომ ეს ლოკალურად უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ.  განათლების სამინიტროს შეუძლია მიიღოს კანონი და უნდა მიიღოს კანონი, რომ სახელმწიფოში თუ კეთდება ქსელი, მნიშვნელობა არ აქვს ეს რისთვის კეთდება, ის რაც ბუნებრივ კატასტროფებთან არის დაკავშირებული, უნდა იყოს საჯარო.

თეა გოდოლაძე „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებიც კი აღშფოთდნენ, როგორ შეიძლება ამ მონაცამების სრულად გასაჯაროვებას გთხოვდნენო….

თეა გოდოლაძე არის ჩვეულებრივი მატყუარა, აბსოლუტურად არ წარმოადგეს არანაირ ავტორიტეტს. იტყუება და ამის გადამოწმება მარტივად შეუძლია განათლების სამინისტროს. მიწეროს აშშ-ს დეპარტამენტს და ვნახოთ რა პასუხს მიიღებს. ინდივიდუალურად, თუ რომელიმე მისი ნაცნობი აღშფოთდა სადმე, ეს  საერთოდ არ გამოხატავს აშშ-ს  აზრს.

ძალიან საინტერესოა, როგორ ხდება მონაცემების მიწოდება იაპონიაში?

იაპონიაში ყველა საიტი გახსნილია, სადაც შეიძლება ჩამოტვირთო რაც გინდა. უნიკალური მონაცემები უდევთ და შემდეგ კონფერენციებზე რომ გამოდიან, სიამაყით გიჩვენებენ, მთვლელი აქვთ დაყენებული, აი ჩვენს მონაცემებს ამდენმა ადამიანმა მოაკითხა წლის განმავლობაშიო და ძალიან ამაყები არიან ამით.

რომელიმე ევროპულ ქვეყანაში კანონით თუ რეგულირდება მინაცემების გასაჯაროვების საკითხი?

ცხადია, რეგულირდება და ამის საუკეთესი მაგალითია გერმანია.

გეოლოგიური სამსახური და ნაციონალური მონაცემების ცენტრი ფინასდება უშუალოდ გერმანიის განათლების და მეცნიერების ფედერალური სამინისტროდან და  ეს მონაცემები ღიაა ყველასთვის.

მონაცემების ღიაობას უზრუნველყოფს კანონი. უფრო მეტიც, ამ კანონის თანახმად, ღიაა არა მარტო მიწისძვრის კატალოგები სახელმწიფოსგან დაფინანსებული სააგენტოების, არამედ კერძო კომპანიებისაც.

ასევე ღიაა მთელი რიგი ის სეიმური მონაცემები (სეისმური პროფილები და ა.შ. რომელსაც აწარმოებენ კერძო კომპანიები, ვთქვათ ნავთობკომპანიები) სამუშაოს ჩატარებიდან 3-დან 5 წელიწადში.

და ამ დროს რა ხდება ჩვენთან? თეა გოდოლაძეს მაგალითად მოჰყავს რუსეთი!

კომენტარები
იტვირთება...