თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 28 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

თეა ახვლედიანის განცხადებით, 14 აგვისტო არის თითოეული ჩვენგანის საერთო ტრაგედია და სწორედ ამიტომ ერთმანეთთან ურთიერთობას და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

“საქართველოს აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტიდან 28 წელი გავიდა, რამაც მოუშუშებელი ტკივილი და უმძიმესი შედეგი დატოვა ორივე ხალხისთვის. ჩვენ დავკარგეთ გმირები, ათასობით თანამემამულე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე მებრძოლი ჯარისკაცები. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო 300 ათასამდე ადამიანი იქცა დევნილად. მათ დაკარგეს სახლ-კარი.
ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ამ ომში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენ ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა. მაქსიმალური ძალისხმევა განვახორციელოთ, რომ ვიზრუნოთ ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რომ ვიზრუნოთ ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებასა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე. ამისთვის საქართველოს მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს.
საგულისხმოა, რომ დღეს იწყება აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე მოძიებული ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი. მათი ბედისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის დადგენა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შექნილი ჰუმანიტარული პლატფორმების და საკოორდინაციო მექანიზმების მოქმედებებით, რომელშიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან მონაწილეობს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ივლისის თვეში გადმოასვენეს 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირის ნეშტი, დღეს მოხდება მათი ოჯახებისთვის გადაცემა, ხვალ კი საპატიო წესით დაკრძალვა. სამების საკათედრო ტაძარში დღეს საღამოს 19:00 საათიდან და ხვალ დილის 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად