The National Interest: სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება

თუ მიშამ რეგიონის გუბერანატორად ვერ გაამართლა, რატომ აბარებს მას პრეზიდენტი ეროვნული რეფორმების წარმართვას? – ამ შეკითხვით იწყებს გამოცემა The National Interest სტატიას, რომელიც ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი შესაძლოა უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს.

კიევში კვლავ გიჟური დრო დადგა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს 52 წლის მიშა სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნოს და რეფორმების განხორციელება მიანდოს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი უსაზღვროდ ენერგიული და საყურებლად სახალისო ვინმეა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კატასტროფული ფილმები თქვენი საყვარელი ჟანრია. უკრაინულმა ჟურნალმა New Times ალბათ ყველაზე კარგად ჩამოაყალიბა სათქმელი: „აწი ნამდვილად არ მოვიწყენთ“-ო.

პრინციპში, მისი იდეები არ არის ცუდი ან ახალი – მას კორუფციის დასრულება, რეგულაციების მოხსნა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება სურს – თუმცა მისი მიღწევები უკრაინაში ძალიან მწირია. არავინ უარყოფს, რომ სააკაშვილი ქარიზმატული პოლიტიკოსია, რომელმაც რეალურად მოუტანა საქართველოს გარკვეული სიკეთე, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში და სანამ პირიქით არ იზამდა (დაგუგლეთ საქართველოს ციხის სკანდალი და ნახავთ რას ვგულისხმობ). თუმცა უკრაინაში – ქვეყანაში, რომელიც გაცილებით უფრო რთულია და სადაც ის კვლავ უცხოელად მიიჩნევა, ის უკვე წარუმატებელი გამოდგა.

მისმა ყოფილმა ჯგუფელმა და შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა და ამ თანამდებობაზე 2015-2016 წლებში მსახურობდა. სააკაშვილის დაპირება მოიცავდა ქალაქის რეზონანსული საპორტო სისტემის გაწმენდას, თუმცა ადგილობრივი მერი გენადი ტრუჰანოვი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მიშას თავისი ენერგიის კონცენტრაცია მედიისთვის საცირკო სანახაობების მოწყობაზე მოუწია, ვიდრე სისტემური რეფორმების განხორციელებაზე. უკრაინაში მიშას ყველა ნაბიჯს შეიძლება კამერა მიჰყვებოდეს და აშუქებდეს, მაგრამ სანამ ის კარგ კადრს ქმნის ტყავის ქურთუკში და უკრაინულ ენაზე საუბრით, მისი სახელი დიდს მაინც არაფერს ნიშნავს როდესაც საქმე ხალხის აყოლიებაზე და წესების შესრულებაზე მიდგება.

თუ მიშამ ვერ გაამართლა რეგიონის გუბერნატორად, რატომ აბარებს მას პრეზიდენტი ეროვნული რეფორმების წარმართვას?

ამის ორი მიზეზი იკვეთება.

პირველი ის გახლავთ, რომ ზელენსკის რეიტინგი კლებულობს და სასოწარკვეთილია რაიმეთი დაიწეროს ქულები. ის ხალხს დაპირდა უკრაინას გავამდიდრებო, აღმოსავლეთ უკრაინაში ომს დავასრულებო და მექრთამეობას მოვსპობო. აქამდე სამით ნულს აგებს, არადა უკვე ერთი წელია ქვეყანას მართავს. უკრაინა ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება, არადა ომი გრძელდება, რაც დანარჩენი მსოფლიოს ყურადღების მიღმა რჩება. ტრაბახა ადამიანები ფრონტის ხაზზე მუღწეულ წინსვლას მოიშველიებენ, მაგრამ ნოემბრის სამიტის შემდეგ დიდი არაფერი მიღწეულა; სამი პატიმარი გაიცვალა და ჯარი გაიწვიეს ზოგიერთი ტერიტორიიდან, თუმცა ადგილზე სიტუაცია იგივეა. პარლამენტმა გასულ წელს კი მიაღწია მცირედ წინსვლას მექრთამეობის შეზღუდვის კუთხით, თუმცა მიკროსკოპი დაგვჭირდება ცვლილების დასანახად. უკრაინა კვლავ კორუფციაშია ჩაძირული.

მიშა დიდი, ყურადღების მიმქცევი სახელია და ზელენსიმ რეფორმებისთვის ქულების დასაწერად შეიძლება დრო მოიგოს დასავლეთში პოპულარულ და რეფორმებზე კარგად მოსაუბრე კაცთან ასოცირებით.

უკრაინა დასავლეთს უნდა დაუტკბეს და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაარწმუნოს, რომ მას კიდევ ერთი მრავალ-მილიარდიანი პროგრამა დაუმტკიცდეს. აქამდე საერთაშრისო სავალუტო ფონდს სურვილი არ გასჩენია ამგვარი ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა, რადგან მართებულად აწუხებს ის ფაქტი, რომ ოლიგარქი იჰორ კოლომინსკი ცდილობს მის ყოფილ ფინანსურ დაწესებულებაზე – პრივატბანკზე – კონტროლი დაიბრუნოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 8 მილიარდი დოლარის მისაღებად უკრაინამ უნდა მიიღოს კანონები მიწის საკუთრებისა და საბანკო სისტემის რეფორმის შესახებ. მიწის საკუთრების შესახებ რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დიდი ძალისხმევით იქნა მიღებული, თუმცა კოლომინსკისთან მოკავშირეებმა პარლამენტი წალეკეს საბანკოს სისტემის რეფორმის უსარგებლო ცვლილებების პროექტებით. პარლამენტის წევრებმა მითხრეს, რომ კანონი საბანკო საქმიანობის შესახებ მაისში უნდა დამტკიცდეს, თუმცა უკრაინაში როგორც ნებისმიერ სხვა რამ – ესეც არ იქნება იოლი საქმე.

აქ ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად. სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში – უარყოფითი. შეიძლება კიევშიც არეულია აქვს საქმე. სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები.

მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ სააკაშვილის დანიშვნა სამაგიეროს გადახდა გამოვა. ზელენსკის მოწინააღმდეგე პეტრო პოროშენკოს ის სძულს. ზელენსკიმ პოროშენკოს არა მხოლოდ მოუგო საპრეზიდენტო მარათონი ერთი წლის წინ 3/1-ზე სხვაობით, არამედ ახლა სასჯელს უნიშნავს ხელისუფლებაში. პოროშენკომ უშიშროების სამსახურს სააკაშვილი თავისი ბინის კორპუსის სახურავზე გამოამწყვდევინა და შემდეგ ქართული რესტორნიდან იარაღების ლულის ქვეშ გამოათრევინა კიევში. მისი დეპორტაცია კერძო თვითმფრინავით განხორციელდა პოლონეთში, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსი არ დარჩენოდა. მაშინ მიშა ლეგიტიმურად წარმოადგენდა საფრთხეს პოროშენკოს ადმინისტრაციისთვის, რომელსაც საარჩევნო უბნებში აშკარად უჭირდა.

ნეტავ რას ნიშნავს ეს უახლესი შემოტრიალება უკრაინის ბიზანტიურ პოლიტიკაში? რასაც ჩვეულებრივ ნიშნავს ხოლმე. სამომავლოდ მოსალოდნელია ძლიერი ტურბულენტობა და უსიამოვნო ეკონომიკური დაღმასვლა. კორონავირუსის შედეგად, მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკის 7.7 პროცენტიან შეკვეცას ელის.

საბოლოო ჯამში, სააკაშვილის დანიშვნა ვერ გაამართლებს და 4 მარტს დანიშნული ისედაც სუსტი მთავრობის დესტაბილიზაცია მოხდება. მისი დანიშნვა მმართველ გუნდში მყისიერად იწვევს შიდა დაძაბულობას. სააკაშვილს საშინელი ურთიერთობა აქვს კაბინეტის ყველაზე ძლიერ მინისტრთან – არსენ ავაკოვთან, შსს. ერთ დასამახსოვრებელ შეხვედრაზე ავაკოვს ქურდი უწოდა, ხოლო ავაკოვმა მიშას სახეში ჭიკით წყალი შეასხა და ნაბიჭვარი უწოდა პასუხად. მოკლე-ვადიან პერიოდში, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრები მოსაწყენი აღარ იქნება. თან, სააკაშვილის ხისტი მიდგომა რუსეთის მიმართ სავარაუდოდ კონფლიქტს გააჩენს აპარატის უფროს ანდრეი იერმაკთან, ხოლო მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნისადმი მიდრეკილება ნამდვილად გააღიზიანებს ზელენსკის, რომელსაც საჯარო სივრცე თავისთვის უნდა.

თუ ზელენსკის პარტია ხმებს შეაგროვებს სააკაშვილი დაბრუნდება, თუმცა ვინ უწყის რა ხნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად