თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დაიდგა

რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე აპარატები სამ ადგილზე დაიდგა, მომავალი წლიდან კი ძაღლების კვების აპარატები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება.

„საკმაოდ საინტერესო და კეთილი პროექტი განხორციელდა – მიუსაფარი ძაღლებისთვის სამ ადგილზე კვების აპარატები დაიდგა. ეს იყო წინადადება, რომელიც პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში შემოვიდა, განვიხილეთ და მისი განხორციელების გადაწყვეტილება მივიღეთ.

აპარატის მოხმარება მარტივია. შეგიძლიათ ჩააგდოთ მასში პლასტმასის ბოთლი და ძაღლისთვის საკვები ჩამოიყრება, ასევე, სასმელი წყალიც. მომავალ წელს, იანვარში, კიდევ სამი ასეთი აპარატი დაემატება. მომდევნო წლის განმავლობაში კი, დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, კიდევ არაერთი აპარატის განთავსებას ვგეგმავთ.

აპარატები უკვე დავტესტეთ. მიხარია, რომ ასეთი კეთილი საქმე გაკეთდა და მადლობა იდეის ავტორს. ბევრი იდეა მოგვაწოდეთ, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იდეები განვახორციელოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს.

აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტ ,,შენი იდეა ქალაქის მერს’’, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.

კვების აპარატთან ერთად, რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლიც დაიდგა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისათვის 10 ხის სახლს დადგამს.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე მაია ბითაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და აპარატების დადგმის ინიციატორი გიორგი ხავთასი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად