თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

ხვალ, სასტუმროში „Radisson Blu Iveria“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება.


 

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მერვე საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემაა "ინტეგრირებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული ურბანული განვითარება". ფორუმის მიზანია იმ პრობლემების განხილვა,  რომლებიც მწვავედ დგას სწრაფად მზარდი ქალაქების წინაშე. საბაზრო ტენდენციებით ნაკარნახევი ურბანული განვითარება ხშირად იწვევს საცხოვრებელი გარემოს გაუარესებას: გადატვირთული ქუჩები, რეკრეაციული ზონების დეფიციტი, საფეხმავლო სივრცეების სიმწირე და გარემოს დაბინძურება ის პრობლემებია, რომლებიც საერთოა თანამედროვე ქალაქებისთვის. 

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი,  GIZ-ის დირექტორი  სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი პატრიკ ფოშერი. 

 

ფორუმში ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

ფორუმზე მიღებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის გაძლიერებას და ურბანული განვითარების ისეთი მიზნობრივი პროექტების განსაზღვრას,  რომლებიც  სწრაფ ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს,  ახალ სამუშაო ადგილებსა და შემოსავლის წყაროებს შექმნის. 

ფორუმის დასასრულს თბილისის მერიასა და  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს(KfW)  შორის „Morgenstadt City Lab Tbilisi“ პროექტის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც, 17.00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია. 

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი თბილისში 2007 წლიდან, ყოველწლიურად იმართება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად