თბილისის ზოოპარკს დათვები – ნუცა და შალვა დაუბრუნდნენ

დღეს წყალდიდობის შემდეგ გადარჩენილი ჩვენი 2 იღბლიანი დათვი, რომელიც დროებით მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფებოდა, ზოოპარკში დავაბრუნეთ. ნუცა და შალვა დაძინებულები გადმოიყვანეს. ვოლიერში განთავსების შემდეგ მალევე გამოფხიზლდნენ და დაბნეულები დაბანცალებდნენ, ამჯერად ნეტავ სად აღმოვჩნდითო, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის სოციალურ ქსელში წერს. 

"თავგადასავლებით მეტად დატვირთული აღმოჩნდა მათი ცხოვრება. ბრაკონიერების მიერ დაობლებულებმა და ბუნებას მოწყვეტილებმა ტყვეობაში, პატარა, არაკომფორტულ გალიებში, გაუსაძლის პირობებში გაატარეს ბავშვობა. მოგვიანებით ბელები მფლობელებს ჩამოართვეს და ზოოპარკში ჩააბარეს. შემდეგ რეაბილიტაციას ჩვენთან გადიოდნენ სხვა, ჩამორთმეულ და ჩაბარებულ თანამოძმეებთან ერთად მანამ, სანამ სტიქია არ დაატყდათ თავს. მერე კი რაც მოხდა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. სხვათა შორის, ნუცა სწორედ ის დათვია, რომელმაც წყალდიდობის დროს ჩვენი ადმინისტრაციული შენობის კონდიციონერზე მოახერხა აბობღება და თავის გადარჩენა.

სულ მალე თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე დათვების დიდი, ევროპული სტანდარტების ვოლიერის მშენებლობა დაიწყება და შემდეგ იქ გადაბარგდებიან. მანამ კი ჩვენთან დაელოდებიან ახალი ბინის მიღებას.

ცნობისათვის, პატარობიდან ტყვეობაში გაზრდილი დათვის ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია, რადგან მან არ იცის დამოუკიდებლად საკვების მოპოვება, თავის გადარჩენა და ადამიანისგან განრიდება.

დედა დათვების მოკვლისა და ტყიდან დაობლებული ბელების წამოყვანის პრობლემა სამწუხაროდ ჯერ კიდევ აქტუალურია. დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე 50-მდე დათვია დატყვევებული და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს", – წერს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...