თბილისის საქალაქო სასამართლომ წესრიგის დამრღვევი პირი დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წესრიგის დარღვევისთვის ბესიკ ბარბაქაძეს 200 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 

არსებული ცნობით, ბარბაქაძე და ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი საქალაქო სასამართლოს შენობას მანქანით მიუახლოვდნენ. შემდეგ კი მანდატურსა და მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. 

"ჩემს გვერდით იმყოფებოდა ჩემი მეგობარი, მანდატურმა ხელი დაარტყა და შეიყვანეს შიგნით, სასამართლოს დარბაზში. სწრაფად შემოვედი მანქანით, იმიტომ რომ ვაგვიანებდი პროცესზე, რომ არ დამეგვიანა… ამაზე დაიძაბა და დაიწყო სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მანდატურმა",-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა.

სასამართლოს განცხადებაში კი საუბარი ფიზიკურ დაპირსპირებაზე საერთოდ არ არის:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება 2015 წლის 30 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირი ბესიკ ბარბაქაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მოხსენებითი ბარათები და სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის მოქალაქე ბესიკ ბარბაქაძეს დააკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით",-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...