თბილისის საკრებულოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

თბილისის საკრებულოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიება განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა. ინფორმაციას  თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. 

ღონისძიების ფარგლებში, სოციალური საწარმოს – ,,ბაბალე’’ მოზარდების ნამუშევრების და ასევე, 23 წლის ლექსო ფოდიაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ეს დღე კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საჯარო, კერძო და საზოგადოებრივი სექტორების წარმომადგენლები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად ახალი შესაძლებლობები გამონახონ.

ამასთანავე მნიშვნელოვანია, მოხდეს წარსულში დამკვიდრებული სტიგმების ნგრევა და საზოგადოებრივი განწყობების გაჯანსაღება.

სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა.
გიორგი ტყემალაძემ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს წარმატება უსურვა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

,,დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დღესვე საკრებულოს წევრებმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად ხელნაკეთი ნივთების მოხატვაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას საკრებულოს წევრებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის, დედაქალაქის მერიის, სახალხო დამცველის აპარატის, საპატრიარქოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...