თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც გენგეგმას განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავენ. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე დასძინა რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ბიზნესგეგმად გადაიქცა.

“ბატონო გიორგი, თქვენთანაც მაქვს კითხვა, როცა ლისზე ტეროტორია გადაეცა “ქართუ უნივერსალს”, ახლა რაღაც ნაწილი ამოჭრეს იქედან და გახდა საცხოვრებელი ზონა. რა ხდება? შემთხვევით არის ეს 12 მილიონად “ქართუში” ჩადებული? რა ხდება ამ მიმართულებით, საინტერესოა.

რომელიმე თქვენგანს რომ წაეკითხა რუკა, ხომ არ მოხდებოდა ისე, რომ ოპოზიცია წინა დღეს იტყოდა ამას. ბოტანიკურ ბაღში რა ხდება, ის თუ არ წაგიკითხავთ, დანარჩენ ქალაქში რა ხდება, როგორ დაგიჯეროთ. ხომ გინდათ, რომ მხარი დაგიჭიროთ, დაგვარწმუნეთ ამაში. ის, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზია და გზადაგზა გაასწორებთ, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ უპასუხა:

“ლევან, შენი ფანტაზიის უნარით გაოცებული ვარ. გასაგებია, ცდილობ უარყოფით კონტექსტში გადაიტანო. მართალი გითხრა, თოლიასთან დაკავშირებით ზონის ცვლილებაზე შენგან გავიგე, ახსენე, რომ ერთ ლარად გადაცემულია. ეს არის შენი სიმართლის ტიპური მაგალითი. ეს არის გასხვისებული ტერიტორია, 2 მილიონ 400 ათას ლარად ნაყიდი ტერიტორია”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამ განცხადებების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა და საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ იკამათეს.

რევაზ სოხაძემ ლევან ხაბეიშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ლევან ხაბეიშვილი კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ მას სწორი დოკუმენტაცია ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...