თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 24 სექტემბერს დაიწყება

თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი წარუძღვნენ. პროექტის ორგანიზატორებმა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

“წლევანდელი ფესტივალის პროგრამა წინა წლებისგან გამორჩეულია და განსაკუთრებულია, როგორც მონაწილეების თვალსაზრისით, ასევე იმით, რომ წელს ღია ცის ქვეშ ჩატარდება ღონისძიებების საკმაოდ დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ტურისტი, ვიზიტორი, ვინც ჩვენს დედაქალაქში ჩამოვა, შეძლებს, რომ ერთის მხრივ, თეატრალური ფესტივალის პროგრამით მიიღოს ძალიან დიდი სიამოვნება და მეორეს მხრივ, დაათვალიეროს ჩვენი ქალაქი, ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ამითაც შორს გაიტანოს ჩვენი ქალაქის სახელი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც მერიიდან იუწყებიან, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს მერვედ იმართება, ღონისძიებათა ციკლი 24 სექტემბერს დაიწყება და 8 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალი შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, როგორც ჩვენთან, ასევე, შავი ზღვის ქვეყნებში.

ფესტივალი მაყურებლის წინაშე წელსაც ტრადიციული და ამავდროულად განახლებული პროგრამებით წარსდგება:

• საერთაშორისო პროგრამა 24 სექტემბერი – 6 ოქტომბერი
• პროგრამა New 27 სექტემბერი – 1, 3 ოქტომბერი
• ქართული სპექტაკლების პროგრამა 4 – 8 ოქტომბერი

ასევე, პროექტის ფარგლებში გამოფენები, სამუშაო შეხვედრები და სემინარები გაიმართება. 

24 სექტემბრიდან თბილისის ქუჩებსა და სხვადასხვა თეატრებში ინდოეთის, პოლონეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, სომხეთის, იაპონიის მსოფლიო შედევრები და ახალი აღმოჩენები იქნება წარმოდგენილი. წელს ფესტივალი პირველად გადის ქუჩაში და წარმოდგენებს ღია ცის ქვეშ გამართავს.

ფესტივალის მთავარი მიზანია თბილისის პოპულარიზაცია საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების წარმოდგენა და საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად