თბილისის მერია: ზღვის უბნის საკითხი მოქალაქეთა შორის არსებული კერძო ხასიათის დავაა

ზღვის უბნის საკითხი მოქალაქეთა შორის არსებული კერძო ხასიათის დავაა,-ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

"თბილისის მერია ზღვის უბნის დასახლების რამდენიმე კორპუსთან დაკავშირებით არსებულ კერძო სამართლებრივ დავას ეხმაურება. მოგეხსენებათ, რომ ზღვის უბნის დასახლების 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსებში უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ცხოვრობენ მოქალაქეები, რომლებსაც ქონებრივი დავა აქვთ ყოფილი „მეტრომშენის“ თანამშრომლებთან.

გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული საკითხი არის მოქალაქეთა შორის არსებული კერძო ხასიათის დავა და შესაბამისად, როგორც მერია, ისე რაიონული გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საკითხი და დავა ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქალაქში ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველივე თვიდან ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ მხარეებთან, თუმცა რამდენადაც დავის გადაწყვეტა სცდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, მერია და გამგეობა ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მედიატორის ფუნქციას ასრულებენ.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ რაიონული გამგეობები მოქალაქეებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის სოციალურ სერვისებს, მათ შორის, რიგ შემთხვევებში უზრუნველყოფენ მათ ბინის ქირით. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, გამგეობა უხდის ბინის ქირას დასახელებული კორპუსებიდან გამოსულ 49 ოჯახს. გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხი ეხება მოქალაქეთა შორის არსებულ კერძო ხასიათის დავას, რომლის გადაწყვეტაც აღემატება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, ამასთან, რაიონული გამგეობა, შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ზღვის უბნის დასახლების 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს",-აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...