თბილისის მერია: ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში-შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად

თბილისის მერია, თბილისის ანძის განათების პრინციპზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

” საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: სხვადასხვა ორგანიზაციები და უწყებები, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის განათება ხდება.

კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას – შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება.

ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად.”

ცნობისთვის, თბილისი პრაიდმა დედაქალაქის მთავრობას სოლიდარობის ნიშნად ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათება სთხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად