თბილისის მერია EBD-ის კონკურსზე წარსადგენ ფოტოებზე ღია კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია EBD-ის კონკურსზე წარსადგენ ფოტოებზე ღია კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, კონკურსზე წარსადგენად შეირჩევა 30 ფოტო, ხოლო ფოტოკონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მონაწილის ლინკი თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება.

“გვაქვს ძალიან სასიამოვნო სიახლე – თბილისი European Best Destinations-ის (იუროფიან ბესთ დესთინეიშენს) 2020 წლის კონკურსის კანდიდატია. იბიდი ( EBD) არის დამოუკიდებელი, ევროპული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს ტურისტულ კონკურსს – “წლის საუკეთესო ევროპული მიმართულება”, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს ხმა მისცენ ამა თუ იმ ტურისტულ მიმართულებას. ამჯერად თბილისიც მოხვდა ამ კონკურსში და მისი სავარაუდო კონკურენტები იქნებიან ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ. იბიდის ვებგვერდზე თბილისისათვის შეიქმნება სპეციალური საკონკურსო ლინკი სადაც დედაქალაქის შესახებ განთავსდება ინფორმაცია და ფოტომასალა ტურისტული პროდუქტების შესახებ.

ამ ბმულით მსურველებს მთელი მსოფლიოდან ექნებათ საშუალება ხმა მისცენ თბილისს, როგორც ევროპის საუკეთესო მიმართულებას მოგზაურობისათვის.

EBD-ის კონკურსზე წარსადგენ ფოტოებზე, თბილისის მერია აცხადებს ღია კონკურსს, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. კონკურსზე წარსადგენად შეირჩევა 30 ფოტო. ფოტოკონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მონაწილის ლინკი განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე.

ვფიქრობ, აღნიშნული ფოტოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დედაქალაქის ევროპის ტურისტულ ბაზარზე წარმოჩენას და კონკურსში გამარჯვებას. ამიტომ, ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ყველა პირს, ვთავაზობ მიიღონ მონაწილეობა თბილისის გამარჯვებაში და თუნდაც ერთი ფოტოთი შეუწყონ ხელი ამ პროცესს”,-განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად