თბილისის “დინამო” – პირველი წრის ჩემპიონი

“კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის პირველი წრის დასკვნითი – მე-9 ტურის ცენტრალუ0რი მატჩი 10 აგვისტოს, გორის „დილას“ და თბილისის „ლოკომოტივს“ შორის გაიმართა და ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, რომელიც გორელებმა ჩემპიონატის პირველ ნახევარში წააგეს. თუმცა, ეს მოულოდნელი და სენსაციური მარცხი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ „დილას“, როემლიც ბოლო ხუთი ტურის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდა, სატურნირო ცხრილში ერთბაშად ორი პოზიცია დაეთმო. პირველი წრის გამარჯვებული კი მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „დინამო“ გახდა.

ამ ტურში „დინამოს“ არ ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგე. ლიგის „დებიუტანტი“ თბილისის „მერანი“ ბოლო პოზიციაზეა და ეროვნული მასშტაბით უძლიერესთა კომპანიაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. თუმცა, ამ სხვაობის მიუხედავად, ფავორიტს თამაშში დიდი სირთულეები შეუქმნა და „დინამომ“ მხოლოდ მინიმალური სხვაობით შეძლო გამარჯვების მიღწევა. ფავორიტმა პირველი ტაიმის მიწურულს, კობოურის ზუსტი დარტყმის შემდეგ შეძლო დაწინაურება. შეხვედრის მეორე ნახევარში კუციას პასით საიმონ ბენიომ 2 ბურთამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. მართალია, „მერანმა“ გუნდის ვეტერან გეწაძის მიერ რეალიზებული პენალტით ერთი გოლის გაქვითვა და თამაშში ინტრიგის დაბრუნება შეძ₾ო, მაგრამ მეტზე აღარც ძალები, აღარც დრო არ ეყო და დამარცხდა. ამ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: „მერანის“ რიგებში 16 წლის და 3 თვის ასაკში დებიუტი ჰქონდა გიორგი ხაბულიანს, რაც მიმდინარე წლის ლიგის რეკორდია ყველაზე ახალგაზრდა ასაკში დებიუტის თვალსაზრისით. სხვათა შორის, გიორგი ცნობილი სპორტსმენის, ძიუდოში 1977 წლის ევროპის ჩემპიონის და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ექსპრეზიდენტის, დილარ ხაბულიანის ვაჟია.

თბილისურისგან განსხვავებით, ბათუმის :დინამომ“ ამ ტურში „მსუბუქად გაივარჯიშა“ და საჩხერის „ჩიხურას“ დაცვის ხაზიდან ქვა ქვაზე არ დატოვა. ბათუმელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა 3 უპასუხო გოლი გაუტანეს მასპინძლებს. ზღვისპირული გუნდი სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზე დამკვიდრდა და ლიდერ, 18 ქულიან თბილისის „დინამოს“ მინიმალურად ჩამორჩება.

გორის :დილას“ კი „ლოკოსთან“ წარმატების მიღწევაში ძალზე შეუშალა ხელი გუნდის ლიდერის და ლიგის ბომბარდირთა დავაში 6 გატანილი გოლით დაწინაურებული უკრაინელი ლეგიონერის, კოფტალიუკის არყოფნამ, რომელიც წითელი ბარათის გამო იყო დისკვალიფიცირებული. საუკეთესო თავდამსხმელის გარეშეც მასპინძელთა შემტევებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და ზუსტი სახიფათო დარტყმებიც განახორციელეს, მაგრამ ბრწყინვალედ ითამაშა სტუმართა 19 წლის მეკარე მამარდაშვილმა, რომელმაც რთული ბურთები მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ერთადერთი გოლი კი სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა შონიამ 58-ე წუთზე გაიტანა.

მე-9 ტური
ტორპედო – თელავი 1:1
მერანი – დინამო (თბ) 1:2
ჩიხურა – დინამო (ბთ) 0:4
დილა – ლოკომოტივი 0:1
სამტრედია – საბურთალო 11.09
1.დინამო (თბ) – 18 ქულა (9 თამაში), 2. დინამო (ბთ)- 17 (9), 3.დილა – 16 (9), 4.საბურთალო – 13 (8), 5. თელავი – 12 (9), 6. ლოკომოტივი – 12(9), 7. ტორპედო – 9 (9), 8. სამტრედია – 8 (8), 9. ჩიხურა – 5 (9), 10. მერანი – 3 (9).

სტატიის ავტორი მიხეილ აბაიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად