„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თბილისის ილუსტრაციის ფესტივალში მონაწილეობისთვის, განაცხადების მიღება იწყება

11 მაისს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილ, თბილისის ილუსტრაციის ფესტივალში მონაწილეობისთვის, განაცხადების მიღება იწყება.

ფესტივალის მიზანია, შეიქმნას ახალი პლატფორმა საგამომცემლო სფეროში დასაქმების მსურველი ილუსტრატორებისა და დიზაინერებისთვის. ამავდროულად, პლატფორმა გამომცემლებსა და ილუსტრაციებით დაინტერესებულ პირებს, საშუალებას მისცემს, გაიცნონ და აღმოაჩინონ ახალი მხატვრები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

„მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები, ისეა შედგენილი, რომ თავისთვის საინტერესო, წიგნთან დაკავშირებული ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა აღმოაჩინოს და საკუთარი შემოქმედების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალება მიეცეს. მოხარული ვარ, რომ ილუსტრაციის ასეთ მასშტაბურ ფესტივალს, სწორედ, ჩვენი პროექტის ფარგლებში ვუმასპინძლებთ. ვიმედოვნებ, რომ ფესტივალი ბევრ ილუსტრატორს მისცემს მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვის საშუალებას, გამომცემლობები კი მეტად დაინტერესდებიან ილუსტრირებული წიგნების გამოცემით“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„ილუსტრაციის ფესტივალი არა მარტო საქართველოში მცხოვრები ილუსტრატორების მიმართ გაზრდის ინტერესს, არამედ მხატვრებსაც შემატებს მოტივაციას. ვფიქრობ, ჩვენი ილუსტრატორები მეტ ყურადღებას იმსახურებენ, ისინი დიდ რესურსს წარმოადგენენ და, კარგი იქნება, თუ გამომცემლები და არა მხოლოდ ისინი, უფრო ინტენსიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ ხელოვანებთან. თუკი ქართველ ილუსტრატორებს, თანამედროვე ტენდენციებთან შესაბამისობაში განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ, მათი შემოქმედება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება როგორც ქართული, ისე უცხოური აუდიტორიისთვის. მით უფრო, რომ, ბოლო წლებში, ქართველი ავტორებითა და მხატვრებით ევროპის ქვეყნების დაინტერესებამ აჩვენა, რომ უცხოური საგამომცემლო ბაზრის ათვისების პოტენციალი ნამდვილად გვაქვს“, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი, ნიკი თარხან-მოურავი.

ფესტივალზე სტუმრობა შეეძლება ილუსტრაციების თემით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს, რომლებიც გაეცნობიან თანამედროვე ილუსტრატორების ახალ ნამუშევრებს, შეიძენენ ლიმიტირებულ და ავტორთა მიერ ხელმოწერილ გამოცემებს, პრინტებს, ორიგინალ ნამუშევრებს, ილუსტრირებულ სუვენირებს და ა.შ.

ფესტივალში მონაწილეობას, საქართველოში მოქმედი ოცდაათამდე ილუსტრატორი მიიღებს. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მათ სპეციალური კომისია შეარჩევს.

განაცხადის შემოტანის მსურველებმა, tbilisiillustrationfair@gmail.com-ზე უნდა გააგზავნონ, მინიმუმ, ხუთი ილუსტრაცია და ნამუშევრებისა და შემოქმედებითი პრაქტიკის მცირე აღწერა. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 4 ივნისი. ილუსტრაცია უნდა  გადმოსცემდეს ამბავს, იყოს თხრობითი ტიპის და გასაგებად აჩვენებდეს პერსონაჟების ემოციასა და ხასიათს. ასევე, სასურველია, გამოაგზავნონ ილუსტრაციების ბაზრობა-ფესტივალზე მონაწილეობის გეგმა.

შერჩეული ილუსტრაციები, 11-12 სექტემბერს, თანამედროვე ხელოვნების მულტიფუნქციურ სივრცე „მაუდიში“ გამოიფინება. ასევე, დაიბეჭდება ფესტივალისთვის მომზადებულ ილუსტრაციების კატალოგში.

ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია ქართველი და უცხოელი ილუსტრატორებისა და ექსპერტების ვორკშოპებიც შემდეგ თემებზე: წიგნის ყდის დიზაინი, კალიგრაფია, ილუსტრირებული წიგნების საავტორო უფლებების გაყიდვა, ამბის თხრობა ილუსტრირებულ წიგნებში (პრაქტიკული და თეორიული ნაწილი) და პორტფოლიოს განხილვა წამყვანი ბრიტანული გამომცემლობის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად (სტუდენტებისთვის). ასევე იგეგმება, ახალი ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები მათ ავტორებთან და ილუსტრატორებთან.

თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO- პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...