თბილისი პრობაციის ევროპული კონფედერაციის მე-12 ფორუმს მასპინძლობს

თბილისი პრობაციის ევროპული კონფედერაციის მე-12 ევროპულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ევრაზიის ქვეყნებში“ თბილისში პირველად ტარდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ გახსნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მან მადლობა გადაუხადა  პრობაციის ევროპული კონფედერაციის
წარმომადგენლებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების თბილისში ჩატარებისთვის და ვრცლად ისაუბრა პენიტენციური და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

„საერთაშორისო კონფერენცია „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ევრაზიის ქვეყნებში“ ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები გაეცნონ პრობაციის სისტემაში მიმდინარე სიახლეებს, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, გააძლიერონ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები სამომავლო თანამშრომლობისთვის. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და  2019-2020 წლების სამოქმედო
გეგმა, რომელიც სრულად შეესაბამება უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების, თავისუფლებააღკვეთილ პირთა ღირსების და პიროვნების დაცვის კუთხით.  ჩვენს სისტემაში მიმდინარე რეფორმები წარმოადგენს ბოლო წლებში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის  თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს პენიტენციური და პრობაციის სისტემების მოდერნიზაციას ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ფორუმში პრობაციის ევროპული კონფედერაციის პრეზიდენტი ჯერი მაკნელი, კონფედერაციის წევრი სახელმწიფოების 50 დელეგატი და მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ. ღონისძიებას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ორდღიანი ფორუმი პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP)ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და არასაპატიმროსასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციას და რეინტეგრაციას ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, როგორიცაა: პირობითი მსჯავრი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მედიაცია და შერიგება. ამასთან, „CEP“-ის მიზანია, გააძლიეროს პრობაციის მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე, ხელი შეუწყოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და ამ სფეროში დასაქმებული პირების პროფესიონალიზმის ამაღლებას. გასულ წელს ანალოგიურ ფორუმს ხორვატიამ უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...