თბილისი მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ “სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას” გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში, რუსეთის მიერ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ე.წ "შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ" გმობს,-შესაბამისი განცხადება უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"2015 წლის 18 თებერვალს ქ. მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. „შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ“. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და აფასებს მას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ქმედებას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელოვნური შეცვლის მცდელობას. გარდა ამისა, ხელმოწერილი დოკუმენტით რუსეთის ფედერაცია ამაოდ ცდილობს შენიღბოს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, რომელსაც შედეგად გამოიღებს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ დაგეგმილი გაფორმება.

ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხება" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ უკანონო ქმედების გამო. საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ პოლიტიკას, რაც ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს ზემოხსენებულ ფაქტს და მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის აღსაკვეთად”,-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად